ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები იზრდება

„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები. კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ. რაც მთავარია, მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მიაწოდა.
მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ნარმანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება. საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე. თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა.
„ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე, უახლოეს პერიოდში, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება.
აქვე გეტყვით, რომ დასრულების ფაზაშია ტყე-პარკის 16 400 მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხიც“ , – აღნიშნა თბილისის მერმა.
“აღსანიშნავია რომ, გარდა დიღმის ტყე პარკისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წლების განმავლობაში, უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში – 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის : სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი), და სხვა”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები