იუსტიციის მინისტრმა ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას ქართველი პოეტის − ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა. ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე  საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტოები გამოიფინა, რომლებიც მის ცხოვრებას ასახავს. პოეტს ბავშვობის წლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში აქვს გატარებული, აქვე დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმიც. ბიბლიოთეკისათვის ლადო ასათიანის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს ინიციატივით თეა წულუკიანმა მიმართა.
სოფელ ლაჯანაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ლადო ასათიანის ოჯახის წევრები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის სპეციალური კონცერტი გაიმართა; მოეწყო  ადგილზე წარმოებული ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში საზოგადოებრივი ცენტრი 2016 წლის 11 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისვე ინიციატივით, 2015 წლიდან ნუკრიანის ბიბლიოთეკას  მხატვარ დავით კრაწაშვილის, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიბლიოთეკას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა.
საქართველოს რეგიონებში სულ 45 საზოგადოებრივი ცენტრი და 40-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე, იუსტიციის მინისტრი კიდევ რამდენიმე ცენტრის გახსნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები