ეუთოს საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს გამოეხმაურა

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთოს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანჯელინო ალფანოს განცხადებით, ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა და მოუწოდა ეუთოს მომავალ თავმჯდომარეს, არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთოს როლის გასაძლიერებლად.
მან ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ქართველმა დიპლომატმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ, ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები”. აღინიშნა, რომ ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე, მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას ემსახურება.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ ეუთოს მუდმივ საბჭოს 2018 წელს ეუთოს იტალიის – თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ორგანიზაციის როლის გაძლიერება ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
სხდომას ეუთოს 57 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლის გარდა, ეუთოს ახლადდანიშნული გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი და ეუთოს ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები