გიორგი კვირიკაშვილი: ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა

“ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში. ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ისრაელთან.
“ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში. ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.
“ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს აქვთ ებრაელი ხალხის მიმართ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატება მიღწეულია პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ქვეყნები დგანან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენს ხალხსა და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ბრძოლაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენი მთავრობისა და ხალხის მზადყოფნას, ჩვენი ორმხრივი კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივების განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები