გია ვოლსკი: ჩვენი გადაწვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე ყველანაირად გამართულია

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტმა სერიოზულად იფიქრა და პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა ამ საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოსთან დაკარშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
„თავიდანვე იყო განწყობა, რომ ვეტო აუცილებლად იქნებოდა დაძლეული, თუმცა, როგორც საზოგადოებას დავპირდით, სიღრმისეულად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ყველა საკითხი. ეს არ არის დაძლევა დაძლევისთვის ისევე, როგორც მე მგონია, რომ ვეტო ვეტოსთვის არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტმა სერიოზულად იფიქრა და პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე არის გამართული ყველანაირად და არა მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, მიღებული იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი თვლის, რომ აღნიშნული კანონპროექტი დემოკრატიას ხელს არ უშლის.
„ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატიას რამენაირად ხელს უშლის ის გარემოება, თუკი ქალაქი მმართველობით თავისი საზღვრებიდან გავა და გადაწვდება ქალაქთან მდებარე რაიონებსაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები