კობა კობალაძე – პრეზიდენტმა ვეტო ცალსახად პროგრესულ და ეფექტიან ცვლილებებს დაადო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა კობალაძე პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებზე ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა, ამ შემთხვევაში, ნაბიჯი პროგრესისა და რიგი პროცესების გაუმჯობესების წინააღმდეგ გადადგა.
„ვეტოს დადება პრეზიდენტს უკვე ჩვეულ ნორმატიულ აქტად ექცა. ფაქტი ერთია- ჩვენი აზრით, პრეზიდენტმა ვეტო ცალსახად პროგრესულ და ეფექტიან ცვლილებებს დაადო. თვითმმართველობის რეფორმა განზოგადებული საკითხი არ გახლავთ და ის ცოცხალი, დინამიკური პროცესია, რომელიც გაუმჯობესებისა და მოქნილობის მიმართულებით უნდა განვითარდეს. როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში 14 მუნიციპალიტეტიდან 7-ის მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, ეს ფინანსების შემცირებას არ გულისხმობს. პირიქით, ყველაფერი უკეთ და ეფექტიანად განისაზღვრება, რაც ამ რაიონების განვითარებას მოხმარდება“,- აცხადებს კობალაძე.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებენ.
„ ალბათ, უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ჩვენ არ ვართ ერთ მიმართულებაზე ჩაციკლულები. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. ეს არაერთხელ დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემაც. დღევანდელი ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, კონსენსუსის, ურთიერთშეთანხმებისა და პერსპექტიული განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენ არც გავსულვართ დიალოგის რეჟიმიდან, უბრალოდ, სხვისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ობიექტივების წინ კეკლუცობისა და თავის წარმოჩენის მიზნით არ ვაკეთებთ“, – აღნიშნავს კობა კობალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები