არჩილ თალაკვაძე: არ ვფიქრობ, რომ ვეტოს გამოყენებით, რაღაც განსაკუთრებული მოხდა

“ის, რომ ჩვენ თვითმმართველობას ვაძლიერებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად არ დგას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არგუმენტებს დეტალურად განიხილავენ.
„ჩვენ წინასწარი კომენტარებიც გავაკეთეთ და აუცილებლად ყურადღებით და დელატურად განვიხილავთ იმ არგუმენტებს, რაც პრეზიდენტს აქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ისინი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება.
„ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ემსახურება კოორდინაციის გაუმჯობესებას, უფრო ხარჯთეფექტურ თვითმმართველობას. ის, რომ ჩვენ თვითმმართველობას ვაძლიერებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად არ დგას, რადგან ახალ კონსტიტუციაში პირდაპირაა მოცემული თვითმმართველობის გაძლიერების ახალი გარანტიები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი არგუმენტირებული იქნება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დეტალურად, ყურადღებით გავეცნობით და ჩვენი პასუხები ვეტოსთან დაკავშირებით ცნობილი სესიაზე გახდება. პრეზიდენტმა, ისევე, როგორც თქვენ – მედიამ, იცის, რომ ვეტოს გადალახვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი იქნება ისეთივე არგუმენტირებული, როგორც პრეზიდენტს მიაჩნია საკუთარი ვეტოს სამოტივაციო ნაწილი. არ ვფიქრობ, რომ ამ ვეტოს გამოყენებით, რაღაც განსაკუთრებული მოხდა. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ჩვენ ვეტოს გადალახვა შეგვიძლია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ  ვეტოს გამოყენებით, მან სცადა, მეტი ყურადღება მიეზიდა საკუთარი გადაწყვეტილების გარშემო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები