ანა დოლიძე: პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონებს დაადო, რომელიც აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონებს დაადო, რომელიც აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს არის შვიდი თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევა და მეორე საკითხი კი ეხება ცესკო-ში საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას, რომელიც უპირატესობას მმართველ პარტიას ანიჭებს.
ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას ერთი მთავარი ხაზი გასდევს, ეს აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად “ოცნების” მიღწევების, რომელიც მან გასულ წელს განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიაზროს ის ნეგატიური მნიშვნელობა, რომელიც ამ ცვლილებებს მოაქვს. ვეტოს არსი არის ის, რომ ეს ყველაფერი დასაბუთებით ავუხსნათ პარლამენტის წევრებს და მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცვლილებებზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო. კანონპროექტები, მოტივირებული შენიშვნებით, პარლამენტს დაუბრუნდება.
საქართველოს პარლამენტი კი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით დღეს მიმართავს.
ამის შესახებ დღევანდელი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტს დღეს მივმართავთ თხოვნით, რომ 26 ივლისს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, იქნეს მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები