დიმიტრი ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2”-თან გადასახადის გადახდის გრაფიკზე შევთანხმდებით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია. ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ “რუსთავი 2”-ს არ ეხება და გადასახადები ყველა კომპანიამ უნდა გადაიხადოს.
“მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტუნარიანი გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ეკონომიკის განვითარება და ზოგადად, ეკონომიკური ბლოკი. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. მას აქვს შესაძლებლობა, უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2″-ს, ეს ეხება, ზოგადად, ყველას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლები კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა.
“ბოლო პერიოდში, მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ კონკურენტულ გარემოში და არაკონკურენტული უპირატესობა არ მიიღოს ვინმემ სახელმწიფოს მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2″-თან მიღწეული იქნება გადასახადის გადახდის გრაფიკი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები