ირაკლი კობახიძე USAID-ის მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ალექსანდრე სოკოლოვსკი საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა.
USAID-ის მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით დახმარება აღუთქვა.
შეხვედრისას საუბარი დეცენტრალიზაციის რეფორმას შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კარგი იქნება, თუ რეფორმის განხორციელებაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩაერთვება და საქართველოს დახმარებას აღმოუჩენს.
ალექსანდრე სოკოლოვსკის განცხადებით, USAID-ს დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი პროექტების განხორციელებაში და საქართველოსაც დიდი სიამოვნებით დაეხმარება.
ირაკლი კობახიძის USAID-ის მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები