ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 99 წლისთავი აღინიშნება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში, უკრაინა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მძიმე და ემოციურ პერიოდებში ედგა გვერდით, რასაც ქართველი ერი დიდად აფასებს. მისივე განცხადებით, საქართველოც ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის გვერდით. პეტრო პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ ქართველი ერი უკრაინელი ხალხის ყველაზე ერთგული და ახლო მეგობარია.
პეტრო პოროშენკომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა, როდესაც რუსული სამხედრო აგრესიის დროს, თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი იდგა და ქვეყნისადმი სოლიდარობას გამოხატავდა.
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 1995 წლის შემდეგ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურდება, რასაც ბოლო პერიოდში მაღალი რანგის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. მხარეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ხელმოწერილი დოკუმენტები ნათლად ასახავს ქვეყნებს შორის გაღრმავებული ურთიერთობის ბუნებას.
ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის არსი და ძირითადი ცვლილებები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს თავდაცვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობას. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ირაკლი კობახიძემ და პეტრო პოროშენკომ განიხილეს ორმხრივი კავშირების გაძლიერების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებიც, მათ შორის, უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ვიზიტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ქმედებები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებთან გამკლავება ერთობლივი მუშაობით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობით უნდა მოხდეს.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები