„თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში”

„თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში” სიტყვით გამოსვლისას.
ამბასადორიალზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც დღეს თბილისის პარლამენტის სასახლეში გაიხსნა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქართველო სტაბილურობისა და აღმავლობის გზაზეა, თუმცა, მეორე მხრივ, მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესები ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა, უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს, ქვეყნის ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულებისთვის და აღნიშნა, რომ საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ქვეყნის სტაბილურობით და წარმატებული რეფორმებით.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ პოლიტიკურ კონსოლიდაციას საფუძველი ეყრება პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით.
„მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ პოლიტიკური ტურბულენტობის, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობისა და დაპირისპირების შედეგი იყო.
დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე ქმნიდა გაურკვევლობას, შიდა წინააღმდეგობას და დამატებით უქმნიდა დაბრკოლებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, დემოკრატიულ მოკავშირეებთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას.
„ამ რეფორმის შედეგად, ქვეყანა მიიღებს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ ძირითად კანონს. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ისტორიულ ეპოქაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით, მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს განხილული და საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაშია.
„მხოლოდ დემოკრატიული მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით იქნება შესაძლებელი, შევაკავოთ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დავასრულოთ ჩვენი მიწების ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ნაწილების მცოცავი ანექსია, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სამუდამოდ დავუმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების გვერდით.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები ამ მიზნის მიღწევის ქვაკუთხედია”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ დიპლომატებს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა „შრომისა და ფასდაუდებელი ძალისხმევისათვის”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან ღირებულია. მინისტრმა თავის გამოსვლაში გასული წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ საგარეო პრიორიტეტების შესახებ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სწორედ ამ რეზოლუციის შესაბამისად განისაზღვრა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
„უღრმესი მადლობა პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან, პარლამენტის თითოეულ წევრთან და თქვენთან.

პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ დეკემბერში და სწორედ ამ რეზოლუციის შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ვახორციელებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს უკვე ამ პოლიტიკის შესაბამისად,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უპრეცედენტოდ აქტიური თანამშრომლობისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ნაბიჯების შედეგად, ყველა პრიორიტეტი იქნება მიღწეული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პარლამენტარის ჩართულობა და ეს ჩართულობა არის უპრეცედენტოდ აქტიური ყველა ფორმატში. ჩვენ მომავალ წელს გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას, რათა მიღწეული იქნას ის პრიორიტეტები, რომელზეც აქ იყო საუბარი,”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
„ამბასადორიალი-2017″ ოფიციალურად საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.
„ამბასადორიალი 2017″-ის მონაწილეები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე  იმსჯელებენ.
ამბასადორიალის ფარგლებში, გაიმართება სამუშაო სესიები, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას პარლამენტის წევრები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები