„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი“

“დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე ქმნიდა გაურკვევლობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას.
”ამ რეფორმის შედეგად, ქვეყანა მიიღებს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ ძირითად კანონს. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ისტორიულ ეპოქაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით, მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს. ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა განვიხილოთ.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, თქვენ შეიმუშავებთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ნაბიჯებს. მინდა, რომ წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისა და ფასდაუდებელი ძალისხმევისათვის”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები