გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს: თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატებებისა

“თქვენ ბრძანდებით გარანტი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო წარმატებებისა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით”, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალზე“ სიტყვით გამოსვლისას ქართველ დიპლომატებს და  მადლობა გადაუხადა მათ იმ საქმისთვის, რასაც საერთაშორისო ასპარეზზე ასრულებენ.
„დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში, ნამდვილად, საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის განსაკუთრებული. მართლაც, საქართველოს შეუძლია, იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი.
საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, პრაქტიკულად ყველა სფეროში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. განვლილი წლები ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. აღსანიშნავია ის თანმიმდევრული წინსვლა, რომელსაც განაგრძობდა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის განმტკიცების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესების და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენი ქვეყნის წარმატებების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა წარმოუდგენელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომლის დაუღალავი შრომის გარეშე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები