გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენ მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა და ღვაწლი, რომელიც გამოიხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი. ამ კონტექსტში, პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, გაეროს უშიშროების საბჭოში სამჯერ გაიმართა უმაღლესი დონის დებატები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში პირველად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება. კიდევ უფრო გაიზარდა მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ევროპის საბჭოში, სადაც რუსეთს დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას. რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ აღნიშნულ სიტუაციაზე არაერთგზის გაიმართა მსჯელობა ეუთოს ფარგლებში, სადაც რეგულარულად კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამყარების კუთხით, უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის კანონში პირველად გაჩენილი ჩანაწერი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე ქვეყანამ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით.
„ამრიგად, ჩვენი ქვეყნისადმი და მისი სუვერენიტეტისადმი მზარდი მხარდაჭერის ფონზე, ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების აღსრულების მიმართულებით არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიიყვანს საქართველოს სასურველ მიზნამდე. სწორედ ამიტომ, მომავალი წელი უკიდურესად საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის. ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მომავლისათვის გადამწყვეტი დრო დგება და ჩვენი წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე, რისი მიღწევაც მხოლოდ აქტიური და შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიით არის შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები