კიდევ ერთხელ ფელიქს კურცვაილოზე  –  ტერმინ „სპარსულის“  მნიშვნელობა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“

რუსულენოვან ელექტრონულ ჟურნალ „ქარავანში“ ვინმე ფელიქს კურცვაილის მიერ გამოქვეყნებულმა შეურაცხმყოფელმა წერილმა შოთა რუსთაველზე ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
ეს ავტორი შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელად მოიხსენიებს და არა პოეტად. არგუმენტად კი მოჰყავს სტრიქონი: ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი“-
თუ რას ნიშნავს სინამდვილეში „ესე ამბავი სპარსული“… რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ პოეტსა და  მკვლევარს, ნინო ტარყაშვილს, რომელმაც თავის დროზე სპეციალური ნაშრომი უძღვნა ამ თემას.

 – რას გვეტყვით ტერმინსპარსთან“ დაკავშირებით? რას ნიშნავდა ის შოთა რუსთაველის დროინდელ საქართველოში და რატომ იხმარა ეს სიტყვა რუსთაველმა?
– „ესე ამბავი სპარსული“, როგორც პოეტი თამარ ერისთავი შენიშნავს, ეს საყოველთაოდ ცნობილი სტროფი, გზის მაჩვენებელი ნიშანსვეტივით დგას პოემის დასაწყისში: „ესე ამბავი სპარსული,/ქართულად ნათარგმანები“…
ცნობილია, რომ ვახტანგ მეექვსემ, სპარსული ენისა და ლიტერატურის მცოდნემ, დაძებნა „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსი ფაბულა და აღნიშნა, რომ „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოვება“… ისიც დაასკვნა, რომ რუსთველმა „ამბავიც თვითონ გააკეთა“ და ლექსადაც თვითონ გარდაქმნაო.
აკადემიკოს ნიკო მარის გულმოდგინე ძებნამაც ვერ აღმოაჩინა სპარსულ ლიტერატურაში „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი.
გასული საუკუნის და თანამედროვე რუსთველოლოგებმა მიიჩნიეს, რომ სპარსულად გამოცხადება ჩვეულებრივი ალეგორიის ხერხია. უცხო სახელშერქმეული სამეფოების მიღმა რუსთველის დროინდელი საქართველო დგას მისი ყოფით, ფილოსოფიით, ეროვნული ხასიათითა თუ ტრადიცია – ჩვეულებებით.
განსხვავებული აზრი გამოხატა ზაურ ბიძინაშვილმა წიგნში: „სიმართლე  რუსთაველისა და თამარ მეფის შესახებ“.  შევეცდები ამ თემის განვრცობას და იმ კუთხიდან წარმოჩენას, რომელიც ზაურ ბიძინაშვილის წიგნში არ გვხვდება.
ავტორი ავითარებს აზრს, თითქოს „ვეფხისტყაოსანი“ თამარ მეფის ეპოქის ძეგლი არ არის, რაშიც მას ვერ დავეთანხმები, თუმცა, ტერმინ „სპარსულის“ განმარტებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი თანხვდება მისას. ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სპარსი და სპარსული, სულაც არ არის მაინცა და მაინც ერანული, როგორც ამას რუსთველოლოგები ფიქრობენ და სპარსი, არა ერთი და ორი ქართული წყაროთი, ნიშნავს წარმართს, არაქრისტიანს. ნათქვამის საილუსტრაციოდ, ავტორს მოჰყავს თვით „ვეფხისტყაოსანი“.
მაგრამ აი, რას ეუბნება ტარიელს ნესტან-დარეჯანი თავის საქმროდ მოყვანილ ხვარაზმშას ძის შესახებ:
„ეგე, ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“ (თანამედროვე რუსთველოლოგ – გამომცემლებმა შეასწორეს 1712 წლის გამოცემაში სტრიქონი, „ეგე ამბად არ ეგების“ და დაწერეს „ესე ამბად არ ეგების“, რითაც, ვეთანხმები ზაურ ბიძინაშვილს, რომ დაირღვა პოეტური და გრამატიკული კანონზომიერებანი.
1. პოეტური თვალსაზრისით, „ეგე ამბად არ ეგების“, არის გ-ზე აგებული ალიტერაცია, რაც, ცხადია, ტაეპს აძლიერებს.
2. გრამატიკული თვალსაზრისით, ჩვენებითი ნაცვალსახელებიდან, „ეს“ არის პირველი პირისა, „ეგ“ არის მეორე პირისა და „იგი“ (ის) არის მესამე პირისა. ვახტანგ მეექვსის გამოცემაში ჩაწერილი „ეგე“ სავსებით მართებულია, რადგან ნესტანი ეუბნება ტარიელს, ეგ საქმე, ე. ი. რაც შენთან ითათბირეს მეფემა და დედოფალმა, თავისი სხვა სამი ვეზირის თანხლებით, სიკეთეს არ მოიტანსო. ამ ტაეპში, „ეს“-ის ჩასმა სავსებით გაუმართლებელია, რადგან ნესტან-დარეჯანს ქმედებაში არაფერი ხელი არ უძევს. ვიმეორებ, ტაეპი „ეგე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“, გ-სა და ს-ს ალიტერაციაზე აგებულ დიდებულ პოეზიას იძლევა და აქ გრამატიკის ჩარევა საჭირო არ არის, მით უმეტეს, რომ არც გრამატიკით მართლდება აქ რაიმეს შეცვლა“. –ზ. ბიძინაშვილი). ალბათ, საჭიროა, შევნიშნოთ, რომ რუსთაველის ეპოქაში ხორეზმი (ცენტრით დღევანდელი უზბეკეთი, მისი ერთ-ერთი რეგიონი ხორეზმი) და ინდოეთი ერთი დიდი რეგიონის ქვეყნები იყო. ხორეზმის მზარდი მადა კი ცნობილი იყო. თამარის მეფობის ბოლო წლები და ლაშას მეფობის დასაწყისში ხორეზმის სახელმწიფოში შედიოდა, დღევანდელი პოლიტიკური გეოგრაფიით რომ ვიმსჯელოთ, უზბეკეთის ერთ-ერთი რეგიონის ხორეზმისა და უზბეკეთის გარდა სამხრეთი ყაზახეთი, თურქმენეთი, ავღანეთის დიდი ნაწილი, ირანის უდიდესი ნაწილი (მათ შორის ირანის, ანუ სამხრეთ აზერბაიჯანი) და სხვა ტერიტორიები.
ამგვარად, ხორეზმი ფაქტობრივად მეზობელი იყო ინდოეთის, ასევე საქართველოსი და საფრთხე მომდინარეობდა მისგან. როგორც ჩანს, ეს ვითარება აქვს გამოყენებული რუსთველს. როდესაც კონკურენტი დიდი სახელმწიფოს სამეფო პრინცი ადის გეოგრაფიულად ახლოს მყოფი სახელმწიფოს ტახტზე, ეს უკანასკნელი სახელმწიფოსათვის საშიშია (გია მამალაძის პუბლიკაციიდან: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“).
სხვათა შორის, თამარის მეფობის ბოლო წლებში, ინდოეთში მაჰმადიანები შეიჭრნენ და დაიმორჩილეს მისი ნაწილები. დელიში გაბატონდა თურქული მოდგმის მაჰმადიანური დინასტია. ასე, რომ ინდოეთს ჰქონდა ეს პრობლემა.
რადგან, ხვარაზმის სამეფოში შედიოდა აღმოსავლეთ ირანი, ოპონენტები შეიძლება შეგვედაონ, რომ სპარსი აქ სწორედ ირანელს ნიშნავს. ამიტომ, საჭიროა, ისეთი ისტორიული ცნობა ვაჩვენოთ, სადაც ირანელს არ ექნება საერთოდ არანაირი კავშირი.  ზაურ ბიძინაშვილს მოჰყავს ასეთი წყაროც: 1310-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით „ძეგლი ერისთავთა“-ში ნათქვამია: „ამას ჟამსა მოვიდა ამბავი-კლიტე იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი“ (ქართული მწერლობა. ტ. 5. გვ. 110. 1988წ.).
„ძეგლში“ ლაპარაკია ეგვიპტელი მამელუქების მიერ იერუსალიმში ქრისტიანული სიწმინდეების დალუქვაზე და იქ, „სპარსს“, როგორც ერანელს, სავსებით ცხადია, რომ არაფერი აქვს საერთო.
„მაშასადამე, აგრძელებს ზაურ ბიძინაშვილი, „ვეფხისტყაოსანში“ „სპარსი“ არის აღმსარებლობითი ცნება და არა სადაურობის გამოხატვა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ეს ცნება მოდის სწორედ სადაურობიდან. კერძოდ, ირანიდან, რომელსაც სპარსეთიც ეწოდება, მაგრამ იქცა ქრისტესმებრძოლთა ტერმინად.
ტერმინ „სპარსის“ წარმოშობას  ისტორიული გამართლებული საფუძველი საკმაოდ ძლიერი აქვს. კერძოდ: 1. მაჰმადიანების გამოჩენამდე, სწორედ სპარსელები, (ირანელები) ებრძოდნენ  ქრისტიანებს ყველაზე მედგრად. ამის მაგალითად შუშანიკიც საკმარისია. 2. მაჰმადიანობის წარმოშობის შემდეგ, როგორც სახელმწიფო, დაეცა რა არაბეთი, სამაჰმადიანოს ალამი ისევ სპარსეთმა აიღო.
ზაურ ბიძინაშვილი კიდევ ერთ ნიმუშს აჩვენებს მკითხველს ცნება „სპარსის“ მნიშვნელობის შესახებ: „ხოლო ხევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამსა სპარსთა უფლებისასა აოხრდა. ოდეს იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ციხენი ყოველნი“… „სუმბატ დავითის ძე. ცხოვრებაი და უწყებაი ბაგრატიონიანთა“. გვ. 44-45. 1990წ.)
ზაურ ბიძინაშვილი დაასკვნის: „სპარსულ ამბავში არ იგულისხმებიან მხოლოდ არაქრისტიანი ქვეყნები. აქ იგულისხმება ყველა, ვინც არ აძლევს ხორცს სულისათვის“…
„გამოთქმა „სპარსული“ მხოლოდ მაჰმადიანურ ლიტერატურას არ ნიშნავს, რადგან იგი ისლამის დაბადებამდე არსებობდა. „სპარსული“ ნიშნავს ყველა მოძღვრებას, რომელიც არ არის ქრისტიანულ-თეოლოგიური. აქედან გამომდინარე, „სპარსული ამბავი“ ნიშნავს, ჩვეულებრივი, არააღმსარებლობითი ცხოვრების ჩვენებასაც“.
 ტერმინ „სპარსის“ მნიშვნელობის ასახსნელად რა წყაროები მოიძიეთ?
– მე შევეცადე, მომეძებნა ტერმინ „სპარსულის“ მნიშვნელობა რელიგიურ ლიტერატურაში, რაც თანხვდება ზემოაღნიშნულ მოსაზრებას.
მაგალითად, ჩავიხედოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელში, რომელიც შესულია, როგორც დაუჯდომელთა კრებულებში, ასევე სხვადასხვა ლოცვანთა კრებულების დიდ უმრავლესობაში.
დაუჯდომლის ავტორი მეხუთე იკოსში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიმართავს ასე:
„იხილეს ყრმათა ქალდეველთასა, ხელთა ზედა ქალწულისათა ხელითა დამბადებელი კაცთა, და მეუფედ მცნობელნი მისნი, დაღაცათუ ხატი მონისა მიიღო ისწრაფდეს ძღუნითა მსახურებად მისა, და ღაღადებად კურთხეულისა:

გიხაროდენ, ვარსკვლავისა დაუღამებელისა დედაო,
გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოისა დღისაო,
გიხაროდენ სახმილისა საცთურისასა დამაცხრობელო,
გიხაროდენ სამებისა მესაიდუმლოეთა მცველო,
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმოძულეთა მთავრობისა განმდევნელო,
გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყვარისა ქრისტეს გამომაბრწყინვებელო,
გიხაროდენ, სიხენეშისა საქმეთაგან გამომხსნელო,
გიხაროდენ, ბარბაროსთა ჰსჯულისა დამხსნელო,
გიხაროდენ, ცეცხლისა თაყვანისცემისა დამაცხრობელო,
გიხაროდენ ალიას ვნებათაისა დამშრეტელო,
გიხაროდენ სპარსთა სიწმიდისა მასწავლელო,
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა მხიარულმყოფელო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

ცხადია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის ყოველთა არაქრისტიანთა სიწმიდისა მასწავლებელი და არა მხოლოდ ეროვნებით სპარსთა და აქ, ტექსტში ნათლად ჩანს, რომ ტერმინ სპარსთაში იგულისხმებიან არაქრისტიანნი. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში ქალდეველი მოგვებიც, რომელთაც ჩვილ იესოს მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური, ხშირად მოიხსენებიან, როგორც სპარსი მოგვები. ჩემი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ სპარსი, აქაც აღნიშნავს არაქრისტიანს.
ახლა ჩავიხედოთ წმიდა ნინოს ძველ დაუჯდომელში: მოვიძიოთ აქაც იკოსი მეხუთე. მეთერთმეტე გიხაროდენში ავტორი წმიდა ნინოს ასე აღუვლენს ლოცვას:
„გიხაროდენ, სპარსებრივსა არაწმიდებასა წილ, ანგელოსებრივისა სიწმიდისა მომცემელო ჩვენდა“. ცხადია, რომ აქ „სპარსებრივ არაწმინდებაში“ იგულისხმება ხორციელი, ამწუთისოფლიური ვნებები, რომელიც გვაშორებს ქრისტიანულ, ანგელოზებრივ სიწმინდეს.
იგივე მნიშვნელობით არის ნახმარი ტერმინი „სპარსი“ წმიდა იოანე სოჩაველის ტროპარში, რომელიც იკითხება ვაჭრობის კეთილად წარმართვისთვისაც:
„მოწყალებითა, დაუცხრომელითა ლოცვითა და ცრემლთა დენითა, მოწამეო, ცხორებაი შენი ქვეყანასა ზედა კეთილად წარმართე, კუალად ვნებათა კუეთებასა მხნედ მიეახლე და ამხილე სპარსთა უსჯულოებაი, რომლისათვისცა ხარ სიმტკიცე ეკლესიისაი, სიქადული ქრისტიანეთაი, იოანე, მარადის სახსენებელო.“
„სპარსთა უსჯულოებაში“, აქაც იგულისხმება როგორც არაქრისტიანთა, ასევე ამ სოფლიურ ვნებებს დამონებულთა უსჯულოება.
ცნობილია, რომ თამარის მეფობის დასაწყისში, მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი და მისი მრავალრიცხოვანი დასი გამოვიდნენ ინიციატივით, დაედგათ ისანში კარავი და იქ განეხილათ საკანონმდებლო საკითხები, ხოლო მეფეს უტოვებდნენ მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას.
ამ მოვლენის განხილვისას „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი წერს: ყუთლუ-არსლანმა, ჯორის მსგავსად ორი ბუნების მქონე ცხვარმა, როგორც ამას მზაკვარი გონება ჩაადენინებს ბიჭებს, სპარსელების მიერ დაწესებული რაღაც წესი შემოიღოო.
ივანე ჯავახიშვილი თავისი თხზულებების მეშვიდე ტომში სახელმწიფო სამართლის ისტორიის თავში ამ ციტატის კომენტირებისას შენიშნავს: „მაშასადამე, ისტორიკოსის სიტყვით, ამ პოლიტიკური დასის გეგმა თითქოს სპარსული წესის მიმბაძველობას უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ მე-XI-XII  საუკუნეებში სპარსეთში მაინც არავითარი ოდნავაც მაინც ამის მსგავსი წესი არა ყოფილა.. თვით თამარის ისტორიკოსსაც რომ ამ შემთხვევაში სპარსეთის ცხოვრების არავითარი ამის-მაგვარი კონკრეტული მოვლენის დასახელება არ შეეძლო, ამას თვით მისგან ნათქვამი გამონათქვამიც ამჟღავნებს: „წესსა რასამე სპარსთაგანისასაო“, რაღაც სპარსული წესის შემომღებელი იყოო. ნამდვილი ცნობის პატრონი ასეთ გაურკვეველ ნაცვალსახელს არ გამოიყენებდა. ამ ძეგლის  გარდამკაზმელს, ქართლის ცხოვრების შემავსებელსაც, ამაზე მეტის თქმა არ შესძლებია და ეს ადგილი მას ასე აქვს მოთხრობილი: „მომღებ იქმნა წესსა რასამე სპარსთა გონებამაღლობისასა და სილაღით ქცევისასაო“.  მისი აზრით, მაშასადამე, სპარსული აქ მხოლოდ ამპარტავნობა და თავხედობა ჩანდა (იხ.1984 წლის გამოცემა. თხზულებანი 12 ტომად.გვერდი 140-141)“.
დიდი მკვლევარი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ტერმინ სპარსულში ამპარტავნობისა და სილაღის სინონიმი დაინახოს. თუმცა, ამპარტავნობა რამდენად შეიძლება რომელიმე ერთი ეროვნების სინონიმად ჰქონდეს წარმოდგენილი თამარის კარის ისტორიკოსს, სადავო საკითხია. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის შემდეგ, რომ სპარსული იმ დროს ხშირად იხმარებოდა, წარმართულის, არაქრისტიანულის გაგებით, უკვე გასაგებია, რას გვეუბნება ავტორი. ყუთლუ-არსლანმა რაღაც სპარსული, არაქრისტიანული, წარმართული წესის შემოღება დააპირაო.
გავარკვიეთ რა, თუ რა მნიშვნელობით იხმარებოდა შოთა რუსთველის დროს და შემდგომ საუკუნეებში, როგორც საერო, ისე სასულიერო ლიტერატურაში ტერმინი „სპარსული“, ახლა შევეცადოთ, განვმარტოთ, რას ნიშნავს სტრიქონი: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“ სულხან-საბა ორბელიანი, თარგმანებას განმარტავს როგორც იგავიანის სიტყვის გაცხადებას.
ტერმინ „ქართულის“ ქვეშ, რუსთაველის ეპოქაშიაც და შემდგომშიც ხშირად იგულისხმებოდა ქრისტიანული.
ცნობილია, რომ ყოველ დიდებულ ნაწარმოებს, შესაძლოა ჰქონდეს სამნაირი წაკითხვა მაინც: პირველი, ზედაპირული, არსებული რეალობისა და სინამდვილის ამსახველი, მეორე, იგავური, უფრო ღრმა სიბრძნისა და შინაარსის დამტევი, მესამე: სიმბოლურ-ხატოვანი.
თუ „ვეფხისტყაოსანს“ წავიკითხავთ ზედაპირულ შრეზე, „ესე ამბავი“ იქნება „სპარსული“, რადგან მოქმედება ხდება არაქრისტიანულ ქვეყნებში. მაგრამ სინამდვილეში აქ ასახულია მეთორმეტე საუკუნის საქართველოს პოლიტიკური რეალობა, მკითხველის სააზროვნო -„საჭოჭმანებელი“ ამოცანაა ამ „სპარსული“ ამბის „ქართულად“ გადმოთარგმანება, ანუ ამ პოლიტიკური რეალობის დანახვა.
იგივე ზედაპირული წაკითხვით, „ვეფხისტყაოსანი“, არ არის ქრისტიანული ნაწარმოები, რადგან, ჯერ ერთი მოქმედება არაქრისტიანულ გარემოში ხდება და მეორე, ნაწარმოების გმირებიც არა ერთგან ჩადიან ქრისტიანისათვის შეუფერებელ ქმედებებს. უფრო ღრმა, იგავურ დონეზე წაკითხვა-გააზრებით, კი ავტორი მკითხველს უსახავს ამოცანას აღმოაჩინოს „ვეფხისტყაოსანში“ საღვთო სიბრძნის მატარებელი ღრმა ქრისტიანული ნაწარმოები. ამიტომაც, ალბათ არაა შემთხვევითი, რომ ავთანდილი თანადროულად არაბიცაა და „ტკბილი“ და „ტკბილქართველი“ ყრმაც.
შოთა რუსთაველმა ბევრი რამ იგავურად რომ გვითხრა, ამაზე დავით გურამიშვილი გვეუბნება ნათლად: „დარგო იგავთ ხეო“. ხოლო ეს იგავურად ნათქვამი ამბები რომ საღმრთოა, ამას თავად შოთა გვიცხადებს პროლოგში, შაირობის განმარტებისას: „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, /საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,/ მსმენელთათვის დიდი მარგი“. ანუ, პოემის სიუჟეტში ჩაქსოვილი „სპარსული“, არაქრისტიანული ამბები, სინამდვილეში არის ქართული, ანუ ქრისტიანული და საღმრთო. აი, რისი თქმა სურს შოთა რუსთველს. ცხადია, რადგან ეს ამბავი სინამდვილეში ქართულია, ქრისტიანულია და საღმრთოა, ამიტომაც არის იგი „წყობილი მარგალიტი“.

 ვისი ხელი ურევია ამ თემის წამოწევაში?
– სამწუხაროდ, ზაურ ბიძინაშვილამდე არავის უკვლევია, რა მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინი „სპარსული“ ძველ საქართველოში. ამის არ ცოდნის გამო ნიკო მარიც კი დაიბნა და უცხოსი რაღა უნდა გაგვიკვირდეს? თუმცა არ არის გამორიცხული ჟურნალ „ქარავნის“ ავტორის მიღმა  დაინტერესებული პირებიც იდგნენ, რომელნიც მიზანდასახულად მიელტვიან ჩვენი კულტურის დამცრობა-დაკნინებას. ამ ყველაფერს, არ არის გამორიცხული საფუძვლად პოლიტიკური სარჩულიც ედოს.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები