სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დანერგილი ცვლილებებისა და სერვისების შესახებ მეწარმეების ინფორმირება გრძელდება

ბორჯომში, სასტუმრო “Rixos Borjomi”-ში საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობის შეხვედრა ჩატარდა.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
„შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. კერძოდ, მომზადდა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ორი ახალი კანონი, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალეს საჯარო სახსრებით განსახორციელებელი შესყიდვების გარემო. შეცვლილია მრავალი რეგულაცია, მიღებულია ახალი წესები და შემუშავებულია რეკომენდაციები, გამოცემულია უამრავი ახალი მეთოდურ-პრაქტიკული მითითება. მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე, ქართულ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (eProcurement) დაინერგა ახალი შესყიდვის პროცედურები და ინოვაციური ელექტრონული სერვისები“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სააგენტოს პასუხისმგებელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას ზემოხსენებული მიმართულებებით მიღწეული შედეგები, დაგეგმილი რეფორმები, ახალი საკანონმდებლო ნორმები და სააგენტოს მიერ შემოთავაზებული სერვისები გააცნეს.
შეხვედრის ფორმატი კითხვა-პასუხის ნაწილს ითვალისწინებდა, რომლის დროსაც სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრეთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. სულ შეხვედრაში 20-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სააგენტოსა და პროექტს – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში კიდევ ორი მსგავსი შეხვედრის ჩატარებაა დაგეგმილი.
ცნობისათვის, პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. EU4Business ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები