„თუ ქართველთა მარში“ ქსენოფობიურ მარშად უნდა გადაიქცეს, ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ეროვნულ ღირებულებებს“
„ქართველთა მარში“ თუ ქსენოფობიურ მარშად უნდა გადაიქცეს, ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ეროვნულ ღირებულებებს, ვიდრე უცხოელები, ვისგანაც ვითომდა, თავს ვიცავთ”, – ამის შესხებ დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს ქალაქის იერსახის და კულტურულ-ეროვნულ იდენტობის დაცვაში, თუმცა მისივე აზრით, ქართული ღირებულებები არანაკლებ დაზიანდება, როცა უგულებელვყოფთ ჩვენს ისტორიულ მახასიათებლებს – ტოლერანტობას, სტუმარმასპინძლობას, გახსნილობას და შემწყნარებლობას.
„მეც ძალიან აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ხდება ჩემი სახლის გვერდზე, ლესელიძეზე, ქვეყნის სახსრებით აღდგენილ „ახალ ტფილისის“ ტერიტორიაზე, აღმაშენებელზე ან ჩემს საარჩევნო უბანში ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება და აქ უპირველესი პასუხისმგებლობა მერიის, ხელისუფლების და კანონმდებელი ორგანოსი – პარლამენტისაა.
ორიოდე კვირის წინ, გამგებლის და ზედამხედველობის თანხლებით, ჩავიარეთ ჩემი უბნის მთავარი ქუჩები, რათა უცხო ენაზე კანონდარღვევით გამოკრულ პლაკატებსა და რეკლამებზე აუცილებელი რეაგირება მომხდარიყო. ცხადია, საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს ქალაქის იერსახის და კულტურულ-ეროვნული იდენტობის დაცვაში, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი, ანუ პატარა ერის თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია, არამედ, ამავდროულად, ჩვენი ტურისტული მიმზიდველობის, ანუ ეკონომიკის ერთერთ წყაროსაც წარმოადგენს, თუმცა არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ ქართულ ღირებულებებს არანაკლებად ვაზიანებთ, როცა უგულებელვყოფთ ჩვენს ისტორიულ მახასიათებლებს – ტოლერანტობას, სტუმარმასპინძლობას, გახსნილობას და შემწყნარებლობას. ჩვენმა კულტურამ ყველა უცხო დამპყრობელს გაუძლო, საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, ყველასგან რაღაც შეითავსა და შეირგო და ყველაფრის მიუხედავად, „გალობანი სინანულისანი“ სპარსული ენის სიტკბოთი დაწერა დავითმა! ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც გადის ხაზი, ერთი მხრივ, ჩვენი თავის დაცვისა და თვითშეგნების გაღვიძების და მეორე მხრივ, არალეგალ უცხოელთა ქვეყნიდან განდევნის მოთხოვნათა შორის.
არალეგალები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტული და მათ შორის, მილიონამდე ქართველიცაა, რომელთა მიმართ არ ვისურვებდი მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტი უნდა იყოს სწორი : საზოგადოება მეტს უნდა ითხოვდეს საკუთარ ხელისუფლებისგან და ეს უნდა იყოს გამოხატული მკაფიოდ და არა უცხოელის მიმართ აუტანლობით ან სიძულვილით. ჩვენი ადათ-წესები დავიცვათ და ჩვენს სტუმრებს მოვთხოვოთ მათი პატივისცემა. ტურიზმის ეკონომიური ინტერესების გათვალისწინებაც გვმართებს, ოღონ ეკონომიკის მოთხოვნების მსხვერპლად და მონად არ ნდა ვიქცეთ. კერძო მესაკუთრეების უფლებები არ უნდა დაირღვეს და მან უნდა შეძლოს გაქირავება და გაყიდვა, თუნდაც უცხოელზე, თუ არ გვინდა, ჩვენივე მოსახლეობა დავაზარალოთ და შევზღუდოთ. მაგრამ უცხოელ მეპატრონეს უნდა მოეთხოვოს ქალაქის, უბნის, ქუჩის იერსახის შენარჩუნება გარეთ (ანუ ჩილიმების ქუჩად არ უნდ გადაიცეს შარდენი თუ აღმაშენებელი) და ჩვენი კანონების შესრულება შიგნით (პოლიცია უნდა შედიოდეს დაწესებულებებში და ამოწმებდეს სანიტარულ და სხვა “პირობებს”, აჯარიმემდეს და საჭიროების შემთხვევაში, ხურავდეს).
მოკლედ თუ ხვალინდელი დემონსტრაცია იმას ემსახურება, რომ მეტი რეაგირება და აქტიურობა გამოიწვიოს, მოითხოვოს ხელისუფლებისგან ამ პროცესის დარეგულირება, სრულიად მისაღები, გასაგები და დროულია ( თუმცა ადგილს სხვას ვარჩევდი, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად), თუ ეს უნდა გადაიქცეს ქსენფობიურ მარშად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში, ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, ვიდრე ის უცხოელები, ვისგანაც ვითომდა, თავს ვიცავთ! და კიდევ ერთი : ყველაზე არალეგალები არალეგალთა შორის მაინც არა თბილისში, არამედ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსის ჯარისკაცები არიან. საზოგადოების მარში, არა პოლიტიკური პარტიების მიერ მართული, არამედ თვით ხალხისგან გამოხატული, იქაც არ იქნება ურიგო!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.