ირმა ქავთარაძე: დაზღვევა სავალდებულო იქნება, პირველ რიგში, ეს მრავალბინიან სახლებს შეეხება

„დაზღვევა სავალდებულო იქნება. პირველი რიგში, ეს მრავალბინიან სახლებს შეეხება. კერძო სახლებს შეეხება თუ არა, ეს დამატებითი მსჯელობის საგანი იქნება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დეველოპერებთან და სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც მშენებლობის დაზღვევის შემოღებაზე იმსჯელეს.
„დაზღვევა სავალდებულო იქნება. პირველი რიგში, ეს მრავალბინიან სახლებს შეეხება. კერძო სახლებს შეეხება თუ არა, ეს დამატებითი მსჯელობის საგანი იქნება. საჭიროა დამატებითი კონსულტაციები შესაბამის პირებთან, თუმცა მრავალბინიან სახლებზე აუცილებლად გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში კონსტრუქციული ხარვეზი აღმოჩნდება ან უფრო დიდი პრობლემა, რამაც შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახადა, დაზღვევის შედეგად, ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს, თუ ეს ნაკლი გამოსწორებას ექვემდებარება იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები არ შეილახოს. თუ გამოვლინდა, რომ შენობას ტექნიკური ხარვეზი გააჩნია, ასეთ შემთხვევაში, ამ ხარვეზის გამოსწორება მოხდება. საუბარია, ფარულ ხარვეზზე, რომელიც შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს არ ჩანს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება, რომ არსებობს“, – განაცხადა ქავთარაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიებს საშუალება აქვთ, რომ ასეთი პროდუქტი შექმნან. აღნიშნული საკითხის გარდა, ქავთარაძემ ყურადღება „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზეც“ გაამახვილა, რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული, თუმცა ცვლილებების განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
„K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღარ მოხდება. თუმცა, იმისათვის, რომ ხისტი მიდგომა არ იყოს, შესაძლებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომელიც იმას დააკომპენსირებს, თუ შესაბამისმა ქალაქგეგმარების დოკუმენტებმა ამის საჭიროება მოითხოვა. ამის თაობაზე საკომიტეტო განხილვები გვექნება და ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც ქალაქს, მისი იერსახის შენარჩუნებას და იმას წაადგება, რომ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ნორმალური საცხოვრისი და გარემო ჰქონდეს იმისათვის, რომ ბავშვები გაზარდონ“, – აღნიშნა ქავთარაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება მშენებლობასაც და პროექტით, ინსპექტირების ორგანოები შემოდის, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპს დააკვირდებიან და ბოლოს, მათ დასკვნა უნდა გასცენ იმის თაობაზე, რომ მშენებლობა ყველა შესაბამისი ნორმის მიხედვით ჩატარდა.
„მშენებლობის ხარისხი მოწესრიგებულია. ამ შემთხვევაში, ზედამხედველი უწყება ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო გახლავთ, რომელიც ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს. კოდექსში გათვალისწინებულია, რომ სპეციალური ნორმატიული აქტი უნდა შემუშავდეს იმის თაობაზე, თუ რა მოთხოვნები იქნება მშენებლობაში გამოყენებული, მასალების ხარისხის მიმართ და შემდეგ ეს სააგენტო ინსპექტირებას და შემოწმებას გააკეთებს იმისათვის, რომ ხარისხი შეესაბამებოდეს ნორმებს. ამას გარდა, ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის და არქიტექტურის საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევს. გარდა იმისა, რომ კოდექსია მომზადებული, სამინისტროში ინტენსიური მუშაობა სხვა ნორმატიულ აქტებზეც მიმდინარეობს. ეს გახლავთ ტექნიკური აქტები, მიმდინარეობს მუშაობა ევროკოდებზეც, რაც ევროკავშირის მასშტაბით არსებული ტექნიკური ნორმებია და მიღებული იქნება საქართველოშიც, რაც ქვეყანაში მშენებლობის სფეროს მოწესიგებას შეუწყობს ხელს “, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
როგორც ქავთარაძე განმარტავს, მუშაობა მიმდინარეობს იმის თაობაზეც, რომ სამშენებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების სერტიფიცირება მოხდეს. „ანუ პასუხისმგებელ პირებს ადეკვატური განათლება და ცოდნა ჰქონდეთ იმისათვის, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი ხარისხის იყოს, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან და ქალაქის იერსახე ისეთი იყოს, რომ ნორმალური საცხოვრებელი გარემო არსებობდეს“, – განაცხადა ქავთარაძემ.
ცნობისათვის, გასულ წელს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სივრცით მოწყობასთან, მშენებლობასთან და არქიტექტურასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად არეგულურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები