საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, კომისიების წევრებმა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ლომინაძემ წარუდგინა. სხდომაზე დეპუტატები უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რაოდენობას და თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირების და ოჯახების სტატისტიკას, სტატუსის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს და ამ საკითხზე მომუშავე კომისიის სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცესი 2015 წლის ბოლოდან დაიწყო და დღეს თავშესაფრით და საცხოვრისით 121 პირია უზრუნველყოფილი. საუბარი ასევე თავშესაფრით და საცხოვრისით უზრუნველყოფის პრიორიტეტული რიგის პირებს შეეხოთ, რომელთა შორის შშმ პირები, ვეტერანები, მარტოხელა მშობლები მოიაზრებიან.
კომისიის წევრებმა საცხოვრისის და თავშესაფრის ტერმინოლოგიები ერთმანეთისგან გამიჯნეს და აღნიშნეს, რომ საცხოვრისი წარმოადგენს იზოლირებულ ბინას ოჯახისთვის, სადაც პირები, მერიის ხელშეწყობით, დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ხოლო თავშესაფარ ფართზე ერთ ოთახში რამდენიმე პირის განთავსება ხდება და მათ დამატებითი ხარჯებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ანაზღაურებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ თავშესაფარსა და საცხოვრისში ოჯახების განთავსების პროცესის მასშტაბურობის მიუხედავად, თბილისის მერიას მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მართვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები