ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა, რომლებიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” დასასწრებად იმყოფებიან.
კატი პირთან, ედუარდ კუკანთან, ანა გომეშთან, რებეკა ჰარმსთან, არნე ლიეცსა და ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან კლერ მუდისთან მეგობრულ გარემოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ევროპულ და ევროატლატიკურ სტრუქტურებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ჩვენი ქვეყნის მიერ გლობალური უსაფრთხოების საკითხებში შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს ევროპარლამენტარებმაც.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და იმ მთავარ მიღწევებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის მზად არის ევროპელ პარტნიორებსა და მეგობრებთან ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის, ასევე, მათგან კომენტარებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის.
ევროპარლამენტართა განცხადებით, საქართველო ევროპარლამენტში კარგი სახელით სარგებლობს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ყველაზე წარმატებულ რეფორმატორ ქვეყნადაა აღიარებული. ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე საუბრისას სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში არის არა მხოლოდ ძლიერი ოპოზიცია, არამედ ძლიერი და ენერგიული სამოქალაქო სექტორიც, რაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები