„ევროპელობა ჩვენი ეროვნული იდენტურობის ნიშანია და ის ღირებულებაა, რომლისთვისაც მრავალი თაობა იბრძოდა“

“ჩვენთვის წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა ამოქმედდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია – ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, თითოეული მოქალაქის კუთვნილება და პოლიტიკოსთა დიდი შრომის შედეგი.
„მივესალმები ყველა სტუმარს, რომელიც ჩამოვიდა, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში – ბათუმში და ესწრება ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უკვე არაერთხელ გაიმართა. ძალიან სასიხარულოა, რომ წლების განმავლობაში, ეს კონფერენცია იქცა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმად, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებს განიხილავს. ჩვენთვის წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა ამოქმედდა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა, ეს არის თითოეული მოქალაქის კუთვნილება და პოლიტიკოსთა დიდი შრომის შედეგი. ამ წარმატებას წინ უძღოდა მასშტაბური რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის ფუნდამენტური გარდაქმნის კომპლექსური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებთან დაახლოებას. ეს გზა არ იყო ადვილი, იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია – დღეს უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რადგან ეს ჩვენს ღირსებასა და ეროვნულ სიამაყეს ეხება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამან გაგვიმტკიცა რწმენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და ევროპული სახელმწიფოა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა პოზიტიური გზავნილია ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, როლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
„ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია. ევროპელობა ჩვენი ეროვნული იდენტურობის ნიშანია და ის ღირებულებაა, რომლისთვისაც მრავალი თაობა იბრძოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, სწორედ ევროპული ინტეგრაცია იყო ქვეყნის განვითარების და რეფორმების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები