პრემიერი: გატარებული რეფორმების შედეგები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე განაცხადა, რომ გატარებული რეფორმების და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებში. გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ საქართველო 66-ე ადგილიდან გადავიდა 59-ე ადგილზე, 138 ქვეყანას შორის; „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილს იკავებს; „მსოფლიო ბანკის ჯგუფის“ „გადასახადების გადახდის სიმარტივის“ 2017 წლის ინდექსში საქართველო, 2016 წელთან შედარებით, 18 ადგილით დაწინაურდა და 22-ე ადგილს იკავებს; „Heritage Foundation“-ის 2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო, 2016 წელთან შედარებით, 10 ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 13-ე ადგილს იკავებს; „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო 64-ე ადგილს იკავებს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს; „საერთაშორისო გამჭვირვალობის’’ 2016 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველო 44-ე ადგილს იკავებს 176 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონში – პირველ ადგილს. ყოველივე ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და რაც შეიძლება სწრაფად წავწიოთ ქვეყანა წინ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ბიზნესისა და მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მოგების გადასახადის რეფორმირების გზით. განათლების სისტემის რეფორმირებას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი და პროფესიული განვითარების წახალისებაზე“ , – განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით კომუნიკაციების გაუმჯობესებასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელი მაღალი დონის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს გააადვილებს შიდა მიმოსვლას, განავითარებს ადგილობრივ ბიზნესს და გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის, სატრანზიტო პოტენციალს.