“ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, რათა მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას”
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში.
„სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებითა თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო კვლავაც ურყევად გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა, რომელიც ყველასგან, მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შემართებას.
“მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას. მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან.
ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კარგად ვიცით, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს განაპირობებს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.