ლავროვი: ტალიავინის დასკვნაში შავით თეთრზე წერია – ვინ დაიწყო კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში

„იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩნდება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის და საქართველოსა და აფხაზეთს შორის, არსებობს მექანიზმი – ჟენევის დისკუსიები”, – ამის შესახებ რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“ამ დისკუსიების მთავარი თემა კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერებაა. უკვე დიდი ხანია, განიხილება კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებებს მტკიცეს გახდიდა. სამწუხაროდ, ქართული დელეგაცია მათ მიღებას აფერხებს, რადგან სურს, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. ეს არ გამოვა… ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ დასკვნაში შავით თეთრზე წერია – ვინ დაიწყო კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში. ამიტომ, ბატონ სააკაშვილს შეუძლია დაადასტუროს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და რომლებიც დაფიქსირებულია მომხსენებლების მიერ. ადგილზე არსებული საკითხების განსახილველად კი, არსებობს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.
ის ასევე იკრიბება რეგიონში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს მონაწილეობით. ამიტომ, საჭიროა იქ მუშაობა. უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და არ ეცადონ, რომ ადგილზე მიმდინარე პროცესების შესახებ საუბარი გადაიზარდოს დისკუსიაში – ოკუპაციის ან რაიმე მსგავსის შესახებ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებულები და ის რომ, ისინი ჟენევის დისკუსიებში სწორედ ამ სახით მონაწილეობენ, ჩვენში არანაირ ეჭვებს არ იწვევს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსიმაც.
„ევროკავშირის და ბელგიის პოზიცია ცნობილია იმასთან დაკავშირებით, რაც იქ ხდება. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ შესაძლებლობები და ვაწარმოოთ ნამდვილი დიალოგი სპეციალური მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის ეუთოს შიგნით. გუშინ და გუშინწინ გვქონდა შეხვედრა. შევეცადეთ განგვეხილა, რისი გაკეთება შეიძლება ახალი სახეების ჩართვით, რომლებიც ეუთოში ინიშნებიან. იგივე ეხება ჟენევის პროცესსაც. ასე რომ, დავაკვირდებით ვითარებას. გვაქვს პოტენციალი გავაძლიეროთ დიალოგი. რა თქმა უნდა, ყველა მხარე თანახმა უნდა იყოს, ვიდრე სხვა რაღაცას დავიწყებთ”, – განაცხადა რეინდერსიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები