„ბეღურა ვარ ჩემი თბილისის“ – მხატვარი, რომელსაც ქვეყნიდან წასვლაზე არც უფიქრია…

მის მხატვრობაში ჭარბობს შინდისფერი და შავი, დაბინდული ფერები, რომელსაც ემოცია და სევდა, მისტიკა მოაქვს…
შერეული ტექნიკით საინტერესო გრაფიკული ნამუშევრები შექმნა. ამბობს, რომ ეს სტილი ახალი სიტყვაა მხატვრობაში…
ჯგუფ „არტშტრიხის“ დამფუძნებელია. მართალია, მხატვრობით არ აქვს სათანადო შემოსავალი, მაგრამ ცხოვრობ ისე, როგორც სურსმეავისუფალი ადამიანი ვარ და ვსუნთქავ ღრმად...  – რევაზ ცუცქირიძის პერსონა.

 – ვარ 33 წლის… 1983  წლის 25 აგვისტოს დავიბადე,  ზოდიაქოთი მორიელი ვარ…
სკოლის ასაკში დავდიოდი ნახალოვკაში, სახელოსნოში. სკოლაში სიარულს ვერ ვიტანდი, ვერ ვეგუებოდი კლასელებს. სკოლა არ იყო ჩემი სამყარო, იმ დროისათვის უკვე მქონდა  იდეალური სამყარო. 
ამ ასაკიდან მოყოლებული აბიტურიენტობამდე საუკეთესო მოგონებები მხოლოდ სახელოსნოს და იქ გატარებულ ცხოვრების გარკვეულ პერიოდს უკავშირდება.
შემდეგ  სხვა სამყაროში მოვხვდი, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში… სახელოსნო მათხოვა მეგობარმა და ცოტა ხნით  იქვე, საიათნოვაზე ვცხოვრობდი. ამასობაში უამრავი რამ შევისწავლე – ჭედურობა, მინანქარი, თექა, ქანდაკება, ხატვა…  ხატწერის სკოლა გავხსენი და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.
მყავს 2 შვილი – მარიამი და ანა… მეუღლე ფიზიკური ქიმიის დოქტორია, ასწავლის ქიმიას სოხუმის უნივერსიტეტში.
– ჯგუფარტშტრიხის დამფუძნებელი ხართ, პერიოდულდად აწყობთ ჯგუფურ გამოფენებ, სადაც წარმოდგენილია პროფესიონალ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები...
– ჯგუფი „არტშტრიხი“ ექსპრომტად შევქმენი და საკმაოდ წარმატებულადაც. „შტრიხი“ გულისხმობს მიზანს… მისი მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა. ყველა მხატვარს თავის განსაკუთრებული შტრიხი და სათქმელი აქვს.
 „ლურჯა“, „ყავა“, „შარდენი“, „სამოთხის ჩიტი“, „ჩაიდანი“… – უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო თქვენი ნამუშევრები, რომლებსაც მნახველი გულგრილად ვერ ჩაუვლის… თქვენ რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით, რომელი გიყვართ?
– მე სახელოსნოც კი არ მაქვს,  ვხატავ  მცირე ზომის მუყაოზე. ჩემი ნახატების ზომა თაბახის ფურცლის ზომას არ აღემატება. მიყვარს ფერწერაში ხატვაც. ჩემი ტილოებიდან გამოვარჩევდი ფსიქოლოგიურ ნახატებს, როგორიცაა, მაგალითად, „მატარებელი“, „რეპრესია“, „აჩრდილთა ჩრდილი“ და ასე შემდეგ, ხოლო სხვა დანარჩენ ფერწერას ისე ვხატავ, გასახალისებლად…
–  ორიგინალური სტილი და განსხვავებული ხელწერა გაქვთ…
– როგორც პიროვნების, მხატვრის ფასეულობას წამოადგენს ჩემი გრაფიკები. გრაფიკა, ცხადია, ახალი სიტყვაა. უამრავი ხატავს და დახატავს კიდეც გრაფიკულ ნამუშევრებს ჩემზე უკეთ, მაგრამ მე, ფანქრით შესრულებულ ნახატს შევურიე თეთრი და ბრონზისფერი, აკრილი, ასევე გაზეთების ნახევები და ასე ექსპრომტად დაიბადა ახალი სტილი გრაფიკაში. ეს მოხდა ერთი წლის წინ. მსგავსი შერეული ტექნიკით შევქმენი უამრავი ნახატი, მათ შორის პირველი ნახატი იყო ქალის საჯდომი.
მაშინ ვუწოდე მხატვარი საკუთარ თავს. ცოტა ხმამაღლა ნათქვამი გამომდის, ამ სტილზე, ახალი სიტყვაა- მეთქი, რომ ვამბობ, მაგრამ… რომ ეძებოთ, მსგავსს ვერსად იპოვით.
– ბედი ხელოვანისა დღევანდელ საქართველოში… რა პრობლემა გაქვთ, როგორც მხატვარს?
– მრავალჯერ მიფიქრია, რატომ ვხატავ-მეთქი, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. არ შემიძლია, რომ არ დავხატო,  შინაგანად – ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, ცუდად ვხდები, ვითრგუნები, ცუდ გუნება-განწყობილებაზე ვდგები… მინდა, რომ შემოქმედებითად ვიმუშავო, ვხატო და ამით მქონდეს შემოსავალი.
სამწუხაროდ, ეს არ გამომდის ამ ქვეყანაში, მაგრამ არც არასოდეს მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე. ამის გაკეთება არ შემიძლია. ვერ ამიტანია, როდესაც ქართული სიტყვები არ მესმის. მე მიყვარს საქართველო, მაგრამ უთბილისოდ არ შემიძლია…
ეს არის ჩემი ცხოვრებიდან უმცირესი ისტორია, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მხატვრისა… მე ბეღურა ვარ ჩემი თბილისის…
კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ვინაიდან ვცხოვრობ ისე, როგორც მსურს, ცხადია, კარგი გაგებით, ანუ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვსუნთქავ ღრმად.
– რას ეტყოდით ხელოვანებს?
 – იმ ხალხს, ვინც ხელოვანს უწოდებს თავის თავს და მიაჩნიათ, რომ ფასეულს ქმნიან, მოვუწოდებ, არასოდეს, არასოდეს გაჩერდნენ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები