ცხინვალის ციხის პატიმრებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს – “არაფერს უკანონოს ჩვენ არ ვითხოვთ”

ცხინვალის ციხის პატიმრებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს. ისინი ციხეში ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებას და კანონის შესაბამისად, პატიმრობის ვადის ციხის ნაცვლად, კოლონიაში მოხდას მოითხოვენ.
პატიმართა მთავარი მოთხოვნა ციხის ნაცვლად, საპატიმრო ვადის კოლონიაში მოხდაა. გარდა ამისა, პატიმრები ხელისუფლებისგან ე.წ. “პარლამენტის” დადგენილების შესრულებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულებს პატიმრობის 1 წელი წელიწადნახევრად უნდა ჩაეთვალოთ.
პატიმართა განცხადებით, ცხინვალის ციხის პატიმრებს არ აქვთ შესაფერისი გასასეირნებელი ადგილი, პაემნის უფლება მხოლოდ 3 თვეში ერთხელ აქვთ, არ უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები და ხელი არ მიუწვდებათ საჭირო მედიკამენტებზე. რაც ყველაზე მთავარია, განაჩენის მიუხედავად, აქ სასჯელს ყველა განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის პირობებში იხდის.
“არაფერს უკანონოს ჩვენ არ ვითხოვთ. ციხეში ელემენტარული პირობებიც კი არ არის. ის არაა მოწყობილი ხანგრძლივი პატიმრობისთვის, არადა, არიან პატიმრები, რომლებიც აქ 10 წელზე მეტია, იმყოფებიან “, -აცხადებს ერთ-ერთი პატიმარი.
ყოფილი მოსამართლე – იური კოკოევი აცხადებს, რომ ისეთი განსაკუთრებული მდგომარეობა, როგორიცაა პატიმართა უვადო შიმშილობა, ე.წ. “ხელისუფლების” მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.
“ხელისუფლება უნდა მივიდეს მათთან, მოისმინოს მათი პრობლემები, თუ მათი მოთხოვნები დასაბუთებული და სამართლიანია, პრობლემები უნდა გადაიჭრას.უნდა გამოიკვლიონ პატიმართა მოთხოვნები, სწორედ მათი თხოვნისა და მოთხოვნების საფუძველზე უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ზომები”, – აცხადებს კოკოევი.
ცხინვალის ციხის პატიმრები პროტესტის უკიდურეს ფორმას პირველად არ მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები