ეკა ბესელია საქართველოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს შეხვდა

სამართლებრივი კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველის, მაიკლ გრანტის შეხვედრისას.
კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკელ იურისტს მართლმსაჯულების რეფორმა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებებათა სტანდარტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ახალ კოდექსსაც შეეხნენ, რომლის მომზადებაზეც სამუშაო პროცესი უკვე მიმდინარეობს.
მაიკლ გრანტმა კომიტეტის თავმჯდომარეს უსაფრთხოების და კიბერდანაშაულის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარება შესთავაზა და კომიტეტისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარების და ორმხრივი შეხვედრების გამართვის ინიციატივა გამოთქვა.
„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გაგრძელდება ერთობლივი შეხვედრები, რაც ახალ სისტემებზე მუშაობაზე და გამოწვევების დაძლევისთვის კომიტეტისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. შემდეგში გვექნება ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი იმ ჯგუფთან, რომელიც ამერიკის საელჩოში სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს როგორც იუსტიციის სამინისტროსთან ასევე მთავარ პროკურატურასთან და მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროში კომიტეტის ჩართულობა და თანამშრომლობის გაძლიერება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები