რუსული მედია: რუსეთის დუმაში, საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად, სამუშაო ჯგუფს შექმნიან
რუსეთში “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელთა ვიზიტი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, ეს ქართველი დეპუტატების და საერთოდ, საქართველოდან ოფიციალური დელეგაციის პირველი ვიზიტია რუსეთის დუმაში, – წერენ რუსი ჟურნალისტები. შეხვედრა ქართველმა დეპუტატებმა დსთ-ს საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან გამართეს, სადაც შეთანხმდა, რომ შეიქმნება არაფორმალური ჯგუფი, რომელიც 2 ქვეყანას შორის გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენაზე იმუშავებს, რადგან ოფიციალური თბილისი, ოფიციალურ დონეზე, ურთიერთობების დალაგებისთვის ჯერ მზად არ არის.
„გადავწყვიტეთ შევქმნათ არაფორმალური ჯგუფი, ვიდრე ოფიციალური სამუშაო ჯგუფისთვის საქართველოს პარლამენტი მზად არ არის“, – აცხადებს ლეონიდ კალაშნიკოვი.
შეხვედრაზე მხარეები 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს შეეხნენ. კალაშნიკოვი აცხადებს, რომ „ტურისტული ვიზების გაცემა უნდა დაიწყოს, თუმცა ვიზების საკითხების მოწესრიგებამდე, შესაძლებელია იმ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა, რომელითაც ადამიანებს უფლება მიეცემათ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წინაპართა საფლავების მონახულებისა, გამარტივებული გზებით. თუმცა ამ გადაწყვეტილებაზე მუშაობას ხელს უშლის საქართველოს მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, – წერს რუსული სააგენტო ერბისი.რუ, კალაშნიკოვზე დაყრდნობით.
დსთ-ს საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ნატოს საკითხიც წამოჭრა.
„ჩვენ გვაღელვებს ნატოს წვრთნები. ამას ახლა უფრო ხშირი და ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.
“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ შეხვედრაზე ვიზიტის მთავარ მიზანი განმარტა.
“აქ ვიმყოფებით, რათა ჩვენი ურთიერთობა დალაგდეს, შეხვედრები უნდა გახშირდეს და საკითხების გადაწყვეტა რეალურად უნდა მოხდეს და არა ქაღალდზე. კალაშნიკოვის განცხადებით, შეხვედრები ასეთ ფორმატში რეგულარულ ხასიათს მიიღებს”, – განაცხადა გიორგი ლომაიამ.
წყარო: 1tv.ge