უმრავლესობის წევრი დავით ბაქრაძის განცხადებას არათანმიმდევრულს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არათანმიმდევრულს უწოდებს.
“ბაქრაძის განცხადება არათანმიმდევრული და პოლიტიკური მეხსიერებიდან ამოვარდნილია – პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათ ორჯერ ჩააგდეს წინა მოწვევის პარლამენტში და ახლა ითხოვენ გადასვლას პროპორციულ სისტემაზე?! კარგია, რომ ჩვენი მოწოდება გაითვალისწინეს და დღეს ოპოზიციის წინადადებების ნაწილი უკვე გამოიკვეთა – ეს ხელს შეუწყობს დიალოგს. საშემოდგომო სესიამდე, ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველა ნიუანსზე. რაც შეეხება ბატონი ბაქრაძის რეპლიკას, დამალობანას ვინ თამაშობს, კარგად გამოჩნდა საკონსტიტუციო სესიებზე პარლამენტში, რომელზეც სწორედ ბაქრაძე და მისი კოლეგები არ ჩანდნენ“, – აცხადებს გიორგი ხატიძე.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება გაუგებარ დამალობანას თამაშობს, როდესაც, ერთი მხრივ, ვენეციის კომისიას ეუბნება, რომ თურმე არის რაღაც ერთი საკითხი, რასაც დათმობს, მაგრამ ამას არ ეუბნება არც ოპოზიციას და არც ქართულ საზოგადოებას. ამასთან, ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას მოუწოდებს დიალოგისკენ და ამის პარალელურად ამბობს, რომ დიალოგი ვერ შედგება, რადგან გუნდის შიგნით არსებულ შეთანხმებას ვერ დაარღვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები