სოფო კილაძემ ბავშვთა უფლებების კოდექსთან დაკავშირებით დიალოგი გახსნა

დღეს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა უფლებების კოდექსთან დაკავშირებით, დიალოგი გახსნა.
ღონისძიება, სახელწოდებით “ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგის გახსნა და კანონმდებლობის ანალიზი” ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
“ბავშვის უფლებათა კოდექსის” შექმნის ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს ერთიანი რეგულაცია, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

„ბავშვები ჩვენი მომავალია. ამდენად, მნიშვნელოვანია სწორად მივაწოდოთ ბავშვებს ის ფასეულობები, რომლითაც მათ მომავალში უნდა შექმნან ჩვენი საზოგადოება. ჩვენი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ბავშვები და შევუქმნათ მათ გარანტიები, მეორე მხრივ, ვასწავლოთ რა არის სწორი ფასეულობები, რომ შემდგომში, ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფო კილაძემ ისაუბრა unicef -ის უმნიშვნელოვანეს როლზე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

„წლებია, ძალიან აქტიურად გვიდგანან მხარში იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული საქართველოში. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, იუნისეფი მუშაობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბავშვთა უფლებების კოდექსში გარკვეული პასაჟების გასათვალისწინებლად“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა წამოწყებული, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მას და საერთო სასამართლოების სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით, გამოთქვა მზადყოფნა ამ პროცესში ჩართვისა და აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს ამ მიმართულებით აქვს გარკვეული წარმატებები, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობას და რომელიც იუსტიციის სამინისტროს, ევროკავშირის, იუნისეფის და ბევრი საერთაშორისო დონორის მონაწილეობით შეიქმნა და 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

“ბავშვის უფლებების კოდექსთან” დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება, თუ კოდექსზე მუშაობისას, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები.

„კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის,რომ უკეთ გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, ბავშვთა ფიზიკური დასჯა, სექსუალური ექსპლუატაცია, ოჯახური გარემო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, -აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, პირველ პრობლემად არის დასახელებული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, კოდექსის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, რადგან განათლების უფლების რეალიზება, მისივე თქმით, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების რეალიზებაა, რომელიც მუდმივად იდგა სხვადასხვა გამოწვევების წინაშე.

კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს რევაზ ჯაველიძემ – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ კოდექსზე მუშაობა მთავრობასა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს შორის კოორდინირებულად წარიმართოს და დუბლირების თავიდან ასაცილებლად, წამყვანი უწყება განისაზღვროს.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელს, ლაილა ომარ გადს მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია ბავშვთა უფლებების კოდექსზე დიალოგის გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვაზე. ლაილა ომარ გადმა კოდექსის შემუშავების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ნანა ჩაფიძემ ქართული კანონმდებლობის ანალიზის პრეზენტაცია წარმოადგინა და საქართველოს მეოთხე პერიოდულ ანგარიშზე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2017 წლის დასკვნითი რეკომენდაციები გააცნო ღონისძიების მონაწილეებს. მისი განმარტებით, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა გულისხმობს ისეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელიც არის სამართლიანი, სწრაფი, ბავშვისათვის ხელმისაწვდომი, მის ასაკსა და საჭიროებებზე მორგებული. ნანა ჩაფიძის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ კანონმდებლობის რეფორმაა.

„საქართველოს კონსტიტუცია ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით გვაწვდის ერთადერთ ჩანაწერს, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ბავშვს განიხილავს ოჯახთან კონტექსტში და არ გვაწვდის მყარ სამართლებრივ გარანტიებს ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი უფლებების მატარებელი სუბიექტის უფლებრივი გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესშიც გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა ნანა ჩაფიძემ.

საკანონმდებლო აქტებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ბავშვის მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე.

ბავშვის უფლებების კოდექსის ძირითადი არსის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააცნო ღონისძიებაში მონაწილეებს. მისი თქმით, ბავშვის უფლებების კოდექსი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტის განმსაზღვრელი.

„უნდა შვეცადოთ, რომ კოდექსში ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, რომელიც ყველა ადამიანისთვის ზოგადია, თითოეულ ბავშვთან მიმართებით განვსაზღვროთ. ამასთანავე, განვსაზღვროთ ისეთნაირად, რომ ის სპეციფიკური თავისებურებები, რაც ბავშვებს უკავშირდება, მასში სრულად იყოს ასახული“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალური ჩართულობით იყოს წარმართული.

„მასში ჩართული უნდა იყოს როგორც პარლამენტი, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი. აგვისტოს დასაწყისში შავი, სამუშაო ვერსია დაეგზავნება ყველას და დაიწყება ინტენსიური სამუშაო პროცესი“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

კოდექსის შინაარსზე საუბრისას, ინიციატორმა 2 ძირითადი მიმართულება გამოყო – ერთი უფლებრივი დაცვის საკითხები და მეორე – დაცვის მექანიზმები. მექანიზმებთან დაკავშირებით, სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ მუშაკის რეფორმაზე. მას მიაჩნია, რომ სოციალური მუშაკის რეფორმაზე მუშაობა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირტებული.

„ბავშვების აღზრდისას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ თავიანთი ვალდებულებები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ვფიქრობ, ამ კუთხითაც შეიძლება კარგი მიმართულებების გახსნა. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ ერთობლივად შევძლებთ ამას“ , – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობის პროცესში ჩართული იქნება ქართველი ექსპერტი პაატა ტურავა.

ღონისძიება დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა კოდექსთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ბავშვის უფლებების კოდექსი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, აგვისტოს დასაწყისში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები