გრიგორი კარასინი: საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელობა არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ სურს.
„ერთმანეთს პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებები გავუზიარეთ. ეს არ შედის პრაღის დღის წესრიგში. ჩვენ მოვისმინეთ ქართული მხარის მოსაზრება, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ პრაღაში ამ თემებზე არ ვისაუბრებ. აქ რომ ვისაუბრო უსაფრთხოების საკითხებზე და პოლიტიკურ თემებზე, მაშინ გავიმეორებთ ჟენევას. ჟენევაში უკვე ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრებთ.
ის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ შეხვედრამდე, სიტუაციის დაძაბვა ხდება. საქართველოში გარკვეულ ძალებს ეს სჭირდებათ, ვინც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგნი არიან. გვარებსა და სახელებს არ დავასახელებ. თქვენ იცით მათ შესახებ. ან სკანდალს აწყობენ, ან ვიღაც მიჰყავთ საზღვარზე და აკეთებენ განცხადებებს. ეს აჩვენებს, რომ ყველას ინტერესში არ შედის, რომ ურთიერთობები განვითარდეს“, – განაცხადა კარასინმა.
მისივე განმარტებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიური ახალი ამბებიც არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით წინსვლაა.
„გვაქვს პოზიტიური ახალი ამბები, ეს ეხება, მაგალითად, არქივებს, დაინტერესებულები არიან, რომ ურთიერთობები ჰქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ წავედით წინ საბაჟო რეგულირების საკითხების მოგვარების კუთხით.
ძალიან დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე ვართ. მოვილაპარაკეთ ექსპერტების დონეზე შეხვედრებზე, თუ როგორ მოვახდენთ ყაზბეგი-ლარსის გზის მოდერნიზებას. ამის შესახებ ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ.
აღვნიშნეთ, რომ ვაჭრობის მაჩვენებელი ქვეყნებს შორის გაიზარდა. წელს, პირველი 6 თვის მანძილზე, თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. ტურიზმიც პერსპექტიული მიმართულებაა“, – განაცხადა კარასინმა.
აბაშიძე-კარასინის ფორმატით, მორიგი შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართა. 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქარველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხიც დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები