თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით


“საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე – „ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.
„ის, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას, დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიის, პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების ხარისხს. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს საპარლამენტო კონტროლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. საქართველოს პარლამენტს უკვე შემუშავებული აქვს შესაბამისი მეთოდოლოგია, პროცედურა და რაც მთავარია, აქვს იმის პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შეფასებაში და გარკვეული როლი შეასრულოს ამ მიმართულებით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესზე, მიმდინარე კვირაში, სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზეც იყო საუბარი.
„სხვადასხვა შეხვედრებსა და დისკუსიებზე გამოიკვეთა, რომ ის პრაქტიკა, რომლის დამკვიდრებასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ერთ-ერთი ძალიან სწორი და კარგი და ამ პრაქტიკას, ახლა, ცხოვრებაში უფრო აქტიურად რეალიზება სჭირდება. ეს მიდგომა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხარისხს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მაგალითს სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა სიახლეების დანერგვაში.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ არ გავაფართოვეთ ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო საქართველის პარლამენტში, მაშინ გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ რეალურად ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები