დეპუტატის აზრით, ექსპერტის განცხადება თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ლილუაშვილის შეფასებით, ექსპერტ ლევან ალაფიშვილის განცხადება თვითმმართველი ქალაქების სტატუსთან დაკავშირებით, სუბიექტურია.
ლილუაშვილმა განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლში ცვლილებები 2020 წლიდან შევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ოლქებიდან არჩეული მაჟორიტარების ჩანაცვლების საკითხი დადგება.
“ალაფიშვილის განცხადება იმდენად მტკივნეული არ არის, როგორც მისი დამოკიდებულება პარლამენტისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი. მისი გაკეთებული ცინიკური კომენტარი უსაფუძვლოა და არაკომპეტენტური, რაც აზიანებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას. გვიჩნდება ეჭვი, რომ ალაფიშვილი არის სუბიექტურად განწყობილი ექსპერტი. საქმე რაშია: საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარულ ოლქებს არეგულირებს, დარჩა თვითმმართველი ქალაქები, რომელთა სტატუსიც გაუქმდა. ამ მუხლით ჩატარდა 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები და ეს მუხლი 2020 წლამდე უცვლელი უნდა იყოს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება ამ ოლქებიდან არჩეული მაჟორიტარების პარლამენტიდან გასვლის საკითხი, ანუ მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ახალი მაჟორიტარებით, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი შეიცვლება მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტი დაასრულებს თავის მოღვაწეობას და ჯერი მიდგება მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევაზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ლევან ალაფიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აცხადებს, რომ 7 ქალაქს თვითმმართველობა ერთმევა, მაგრამ კანონში, საარჩევნო კოდექსში ეს ქალაქები უცვლელად რჩებიან.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის 110-ე პრიმა მუხლში რჩება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 6), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 15), ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 19), ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 21), ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 29), ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 30) და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 36).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები