პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. ცვლილებებს, რომლითაც საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება, პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მმართველობა ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესენია: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენა საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების გაცნობით დაიწყო. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი კვლავ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული, ის სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისგან შედგება.
კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტის რიგი მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩასწორდა: პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესში ე.წ. ჭერი წესდება; პარლამენტის მიერ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველის არჩევა შესაძლოა, ხმათა 3/5-ით მოხდეს; განიხილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დროს, პირველ ტურში, კვალიფიციური უმრავლესობითა და ღია კენჭისყრით არჩევის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები