„საკონსტიტუციო მონარქია პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს“

„ მონარქი სიტუაციას ვერ დაამშვიდებს. სიტუაციას არეგულირებს ის, ვინც მართავს, საკონსტიტუციო მონარქიის პირობებში კი მონარქი მეფობს, მაგრამ ვერ მართავს“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ძაბირაძის თქმით, მონარქის გაჩენა აბსოლუტურად არ შეცვლის იმ პოლიტიკურ გარემოს, რა პოლიტიკურ გარემოშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საბოლოოდ კი პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს. კონსტიტუციონალისტის ვარაუდით, მონარქიის თემა საუბარს იქეთ ვერ წავა და რაიმე გაგრძელება ვერ ექნება.
„ საკონსტიტუციო მონარქიის დამკვიდრების მცდელობა ადრეც იყო. სამეფო ოჯახიც კი შევქმენით, რომელიც მოგვიანებით დაიშალა. საპატრიარქოს და პატრიარქის მხრიდან ასეთი განცხადება ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია. ეკლესია რომ მონარქიის მომხრეა, ეს ცნობილია. რაც შეეხება საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ მონარქიაზე ემოციური განწყობიდან ვსაუბრობთ ხოლმე, არადა, ეს არ უნდა იყოს ემოცია, ეს სუფთა პოლიტიკაა. ის ქვეყნები, სადაც არის მონარქია, ისტორიის ბუნებრივი განვითარების შედეგად მივიდნენ კონსტიტუციურ მონარქიამდე. განვითარებამ მოიტანა იქ ასე. იქ, სადაც მოხვდა წყვეტა, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიაში და სხვაგან არსად არ მიბრუნებიან მონარქიას. ლაპარაკი იმაზე, რომ მონარქი დაამშვიდებს სიტუაციას, არასწორია, რადგან მონარქი, რომელიც ვერ მართავს, სიტუაციას ვერ დაამშვიდებს. სიტუაციას არეგულირებს ის, ვინც მართავს. ამ შემთხვევაში, საუბარია პოლიტიკურ ძალებზე. მონარქის გაჩენა აბსოლუტურად არ შეცვლის იმ პოლიტიკურ გარემოს, რა პოლიტიკურ გარემოშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პრობლემებს გაგვიჩენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,სამეფო ოჯახს ვერ დავუთვლით რამდენ კვადრატულ მეტრში დაეტევიან, ისე როგორც დღეს პრეზიდენტს უთვლიან. საკონსტიტუციო მონარქია არაფერს მოგვიტანს, გარდა პრობლემებისა და რატომ უნდა გვყავდეს მაშინ მონარქი? მონარქიის თემა ლაპარაკს იქეთ ვერ წავა“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები