ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის – „მტერი ჩემი – ძმა ჩემი“ პრემიერა გაიმართა

კინოთეატრ „ამირანში“ ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის – „მტერი ჩემი – ძმა ჩემი“ პრემიერა გაიმართა. ფილმის მთავარი თემა – ქართულ-აფხაზური კონფლიქტია.
აფხაზეთის ომის მონაწილე ხელოვანი შეეცადა წლების განმავლობაში დაგროვილი სათქმელი ფილმით გადმოეცა. ფილმი მოგვითხრობს 1991-1993 წლებში აფხაზეთში მოხდარ კონფლიქტზე, სადაც ასახულია ქართველი და აფხაზი ადამიანების ურთიერთობა, ასევე კავკასიელ ხალხთა დამოკიდებულება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.
ბედის უკუღმართობით ერთ გამოქვაბულში მოხვედრილი ქართველი და აფხაზი მებრძოლების ისტორია და მათი შემდგომი ურთიერთობა მთელი ფილმის სიუჟეტს განსაზღვრავს; კავკასიის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა შეხვედრის მიზანი – ძმათამკვლელი ომის შეჩერება საბოლოოდ განუხორციელებელი რჩება…
„იმ ჯოჯოხეთში, რასაც ომი ჰქვია, ჩვეულებრივ მოკვდავთა მიერ ჩადენილ ადამიანურ საქციელს ვეძებდი, რაც ყოველგვარ მტრობაზე მაღლა დგას და რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს მომავალ ურთიერთობას“, – განაცხადა საკუთარი ფილმის შესახებ ლევან ანჯაფარიძემ.
ფილმის „მტერი ჩემი – ძმა ჩემი“ სცენარის ავტორები ლევან ანჯაფარიძე და ზაურ კალანდია არიან. მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი, ზურა სულხანიშვილი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტატო ჩახუნაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიორგი ბურჯანაძე და სხვ. სცენარის ავტორები – ლევან ანჯაფარიძე და ზაურ კალანდია; მხატვარი – გია ლაფერაძე, კომპოზიტორი – კაკო ვაშალომიძე, დამდგმელი ოპერატორი – ბაქარ შარაშენიძე. ფილმში გამოყენებულია დათო ოძელაშვილის კომპოზიცია.
სურათი საქართველოს მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე, საერთაშორისო ფონდთან – „და იქმნა ნათელი“ ერთად შეიქმნა.
დღეისათვის ფილმის აფხაზურ ენაზე გახმოვანება მიმდინარეობს. შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ 2017 წელს, სახალხო დიპლომატიისა და სახელმწიფოს დახმარებით პრემიერა სოხუმშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები