„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სამუშაოებს გერმანელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო, მასშტაბური სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად, კომპანიის სამშენებლო ბრიგადები ერთდროულად პეკინის ქუჩის ხუთ მონაკვეთზე მუშაობენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის “RRT Ingenieurburo Weidt”-ის ექსპერტებთან ერთად ახორციელებს. დაგეგმილია 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია. სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ. სიგრძის გამანაწილებელი ქსელები. კომპანიის მენეჯმენტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას 24-საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, განახლდება წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
​აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. ლარს შეადგენს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია აგვისტოში დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები