სუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: მთლიანობაში, რეფორმები არის მოწონებული

“ვენეციის კომისიის დასკვნას ბუნებრივია, გავეცანი, ეს არის დაახლოებით ის, რისი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მთლიანობაში, რეფორმები არის მოწონებული”, -ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განუცხადა.
​მისი თქმით, აბსოლუტურად მოწონებულია პრეზიდენტთან დაკავშირებული ცვლილებები.
”ვენეციის კომისიის დასკვნას ბუნებრივია, გავეცანი, ეს არის დაახლოებით ის, რისი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მთლიანობაში, რეფორმები არის მოწონებული. არის რამდენიმე საკითხი, რაზეც წინასწარ გვქონდა განცდა და ინფორმაციაც, რომ იქნებოდა შენიშვნები, ეს შენიშვნები ნამდვილად არის. ეს შეეხება მაგალითად, ბონუსის სისტემას. არა ის, რომ ბონუსის სისტემა მიუღებელია, არამედ ის, რომ ბონუსის სისტემას უნდა ჰქონდეს გარკვეული ზედა ზღვარი, თუმცა ჩვენი პასუხი ამაზე არის, რომ არა მხოლოდ ზედა ზღვარს ვაწესებთ, არამედ, გაცილებით უფრო რთული მექანიზმი შემოგვაქვს, რომელიც შეუძლებელს ხდის მომავალში აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში. აბსოლუტურად მოწონებულია პრეზიდენტთან დაკავშირებული ცვლილებები. ერთი რამ არის, როდესაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ უნდა იყოს სრული კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის თუ ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია ყველა ადამიანს ჰქონდეს ერთი აზრი. ვერ წარმომიდგენია, საქართველოში დადგეს დრო, როდესაც ვთქვათ, ერთ მხარეს ”გირჩი” და მეორე მხარეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთ პოზიციაზე იქნებიან მიწის არამოქალაქეებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. ასეთი უამრავი თემაა – საპრეზიდენტო მმართველობა, საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია, თუ რამე სხვა შუალედური – ამაზე საზოგადოებაში 100%-იანი კონსენსუსი არასდროს იარსებებს. ჩვენ თუ დავიწყებთ ასეთი კონსენსუსის ლოდინს, მაშინ მოგვიწევს საკონსტიტუციო რეფორმის 4, 8, ან 80 წლით გადატანა და შეიძლება, მაშინაც არ არსებობდეს ასეთი კონსენსუსი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები