ირანელი მწერლის, გოლი თარაყის „არჩევანის“ წარდგენა გაიმართება

 21 ივნისს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ირანელი მწერლის, გოლი თარაყის „არჩევანის“ პრეზენტაცია გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია გამომცემლობა „დიოგენე“. როგორც „კვირას“ გამომცემლობიდან აცნობეს, წიგნს წარადგენენ მთარგმნელები: მზია ბურჯანაძე და თეა შურღაია.

გოლი თარაყი (1939) – ცნობილი ირანელი მწერალი ქალი – მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ – ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს… მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“.
2004 წელს „დიოგენემ“ გამოსცა გოლი თარაყის ნოველების კრებული „სახლი ზეცაში“. ამჯერად მკითხველი მწერლის ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები