„მიახლოება სარტრთან“ – გიორგი ეკიზაშვილთან შეხვედრა გაიმართება

22 ივნისს, 18საათსა და 30 წუთზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, “ლიტერატურულ შეხვედრების” ეგიდით, მორიგი შეხვედრა-დებატები გაიმართება.
ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე მეგობრულ გარემოში პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის პროფესორი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გიორგი ეკიზაშვილი ისაუბრებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აკადემიური პლამის რტოს კომანდორი წარმოადგენს ჟან-პოლ სარტრის შემოქმედებას. საღამოს ჰქვია „მიახლოება სარტრთან“.

ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ჟან-პოლ სარტრი, დაიბადა 1905 წელს პარიზში, ბურჟუაზიულ ოჯახში. ეკოლ ნორმალ სუპერიერის დამთავრების შემდეგ, ის იყო ფილოსოფიის მასწავლებელი ქალაქების ავრის, შემდეგ კი ნეის ლიცეუმებში. ჟან-პოლ სარტრი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში ჯერ როგორც ჯარისკაცი, შემდეგ სამხედრო ტყვე, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი და დაქირავებული ავტორი იყო.
ომმა საშუალება მისცა სარტრს, შეეძინა პოლიტიკური ცნობიერება და აღარ ყოფილიყო ისეთივე ინდივიდუალისტი, როგორიც ის იყო ოცდაათიან წლებში. ომის დროს ჟან-პოლ სარტრმა დაწერა თავის პირველი ესეი ’’ყოფიერება და არარაობა’’, რომელშიც ავტორი კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარი აზროვნების სისტემის თეორიულ საფუძვლებს.
1943 წლის ბოლოს სარტრმა დაწერა ერთმოქმედებიანი პიესა ‘’’ცხრაკლიტული’’, რომელიც ეგზისტენციალიზმის სიმბოლოს წარმოადგენს. გათავისუფლების შემდგომ წლებში, ჟან-პოლ სარტრმა დიდი წარმატება მოიპოვა როგორც, იმ დროისათვის უკვე მოდად ქცეული, ეგზისტენციალური მოძრაობის ხელმძღვანელმა და მნიშვნელოვანმა ფიგურამ. 1945 წელს მან დააარსა ჟურნალი ’’თანამედროვე დროება’’. ჟან-პოლ სარტრისთვის, რომანი და თეატრი წარმოადგენს თავისი იდეების გავრცელების საშუალებას, კონკრეტული სიტუაციების გამოყენებით (ცხრაკლიტული, ჭუჭყანი ხელები, გულზიდვა…) სარტრის მიხედვით, არ არსებობს ღმერთი და ადამიანი თვითონ არის საკუთარი ბედისწერის გამგებელი არსებული სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
1964 წელს ჟან-პოლ სარტრმა უარი თქვა ნობელის პრემიის მიღებაზე. 1945 წლიდან 1970-იანი წლების დასასრულამდე, სარტრმა და მისმა ნაწარმოებებმა დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მან უმდიდრესი შემოქმედება დატოვა რომანების, ესეიების, პიესების, ფილოსოფიური და ბიოგრაფიული თხულებების სახით. ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა პარიზში, 1980 წელს.

პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, გიორგი ეკიზაშვილი, 1971 წლიდან ასწავლის ფრანგულ ლიტერატურას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი ეკიზაშვილი ლიტერატურული გადაცემების ყველაზე საპატიო სტუმარია ტელევიზიაში და რადიოში. მისი ინტერვიუები, ფრანგული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხების, ფრანგი ავტორების და მისი, როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობის შესახებ, ხშირად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. გიორგი ეკიზაშვილი არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია: პრემია „საბა“ – 2004 წ., მიხეილ თუმანიშვილის პრემია – 2008 წ., ღირსების ორდენი – 2012 წ., ივანე მაჩაბლის პრემია – 2013 წელს და სხვ. საფრანგეთის მთავრობის მიერ 2002 წელს მას მიენიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის ოფიცრის წოდება, ხოლო 2014 წელს მიენიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორის წოდება.

მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები