თორნიკე მამალაძე: იმ ფინანსურ დარღვევებსა და ბინძურ საქმეებშიც, რომელიც მამა გიორგიმ გამოავლინა, მეუფე იაკობის და შორენა თეთრუაშვილის ხელი ურევია

„იმ ფინანსურ დარღვევებსა და ბინძურ საქმეებშიც, რომელიც მამა გიორგიმ გამოავლინა, მეუფე იაკობის და შორენა თეთრუაშვილის ხელი ურევია“, – ამბობს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი მამალაძის ძმა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
თორნიკე მამალაძე გამოცემასთან ძმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მამა გიორგი მამალაძემ საპატრიარქოში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, უამრავი მტერი შეიძინა. მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქის თხოვნით და კურთხევით, მამა გიორგი მამალაძე თბილისში გადმოვიდა და ფინანსური საკითხის შესწავლა დაევალა. თუმცა, ამავე ინტერვიუში ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ გიორგი მამალაძის თბილისში გადმოსვლას მეუფე დიმიტრი ეწინააღმდეგებოდა და ურჩია კიდეც, თბილისში არ გადასულიყო.
„ჩემმა ძმამ საპატრიარქოში მართლაც აღმოაჩინა ფინანსური დარღვევები, ფულის გათეთრებისა და გაფლანგვის ფაქტები, რის გამოც ემუქრებოდნენ. საპატრიარქოში მამა გიორგის მტრები შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი არიან. სწორედ მეუფე იაკობი უკრძალავს სასულიერო პირებს ციხეში მამაოს მონახულებას, რადგან იცის, რომ სასულიერო პირები ჩემი ძმისგან შეიტყობენ, როგორ ახდენს მეუფე იაკობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას. იმ ფინანსურ დარღვევებსა და ბინძურ საქმეებშიც, რომელიც მამა გიორგიმ გამოავლინა, მეუფე იაკობის და შორენა თეთრუაშვილის ხელი ურევია. ეს ორი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მამა გიორგის ოჯახის წევრები პატრიარქს ვერ შევხვდეთ, რადგან ეშინიათ, უწმინდესმა ჩვენი პირიდან სიმართლე არ გაიგოს. საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას პირით მამა გიორგის სიბინძურე დააბრალეს – ფულის გათეთრებას გეგმავდაო, არადა, თვითონ არიან ფულის გამთეთრებლებიც და გამფლანგველებიც. სწორედ ამიტომ ითხოვს ჩემი ძმა საეკლესიო სასამართლო შედგეს, რომელზეც მტყუან-მართალი გაირკვევა და ხალხი გაიგებს, რეალურად რას საქმიანობდა მამა გიორგი და მთელი რიგი ეპისკოსები რითი არიან დაკავებული“, – ამბობს გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები