სოზარ სუბარი: მუხთარლის მიმართ თუ დევნა იყო, მას შეეძლო მოემართა ჩვენი სამინისტროსთვის და მოეთხოვა თავშესაფარი

„აფგან მუხთარლის ორი წლის განმავლობაში არ მოუმართავს არც ჩვენთვის, არც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის, ეს მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ დევნა არ არსებობდა”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ მუხთარლის მიმართ დევნა იყო, მას შეეძლო მიემართა როგორც ლტოლვილთა სამინისტროსთვის, ისე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის.
“მუხთარლის მიმართ თუ დევნა იყო, მას შეეძლო მოემართა ჩვენი სამინისტროსთვის და მოეთხოვა თავშესაფარი. საქართველოში თბილისში არის ამიერკავკასიის გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და მიემართა მათთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ოჯახს ჩვენს მიმართ ჰქონდა ეჭვები, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი არის ორგანო, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ ხათრს რომელიმე ქვეყნის მიმართ. ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს, ლტოლვის სტატუსს ან საქართველოში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, თუკი დადასტურდებოდა, რომ მის მიმართ იყო დევნა“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მუხთარლის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს. რაც შეეხება ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საქმის განხილვას, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი იმ დიდი თემებისა, რომელიც სხდომაზე განიხილეს. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ჟურნალისტის საქმეზე გამოძიების პროცესში 200-მდე ადამიანია დაკითხული და ყველა მოწმე აცხადებს, რომ არაფერი აქვთ ნანახი.
“არ ვიცი, მიიღებენ თუ არა ამ რეზოლუციას, მაგრამ ეს ერთადერთი კითხვაა საქართველოსთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველგვარი მოწოდების გარეშე – ეს არის საქმის გამოძიება. ერთ რამეს გეტყვით, თბილისის ყველაზე მიყრუებულ უბანშიც კი ადამიანს რომ დახვდეს ვიღაცა, თავზე ტომარა ჩამოაცვას, მანქანის საბარგულში ჩატენოს, მინიმუმ 20-30 ადამიანი იქნება ვინც ამას ვიდეოზე აღბეჭდავს, 5 წუთში ეს ყველაფერი იქნება სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული. არ გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში ერთი ადამიანიც, ვინც იტყოდა, რომ მათ თვალწინ რაღაც საეჭვო მოხდა.
წამოვიდა კრიტიკა, რატომ კითხავთ მაინცდამაინც იმ მოწმეებს, რომლებსაც არაფერი არა აქვთ ნანახი, ვინც იმ უბანში იყვნენ, ისინი დაკითხეს. დაცვის მხარეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით აქვს უფლება ჩაატაროს გამოძიება, როგორც შსს და პროკურატურას”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები