თამარ ჩუგოშვილი: ქართული მხარე ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას გაითვალისწინებს

“ქართული მხარე ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომლებსაც ვენეციის კომისია დააყენებს’, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და ამის გამო, შესაძლოა,
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ორ ეტაპად მოხდეს.
“ჩვენ როგორც თავიდანვე გვქონდა პირობა, გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას და ამ პირობას ბოლომდე მივიყვანთ. შესაბამისად, ახალ კონსტიტუცია ევროპული სტანდარტების სრულ შესაბამისობაში იქნება. საარჩევნო სისტემის ახალ მოდელზე ყველა შემთხვევაში გადავალთ, თუმცა გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და ამის გამო, შესაძლოა, ახალ მოდელზე გადასვლა ორ ეტაპად მოხდეს. ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია უკვე საქმის კურსშია. შეიძლება, დაგვჭირდეს შერეული სისტემა 2020 წლის არჩევნებში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ვენეციის კომისიის სესია 16 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მიიღებს. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სხდომაში მონაწილეობის მისაღებად გუშინ გაემგზავრა. სესიაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები