„პრეზიდენტის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის შენიშვნა შესაძლოა, თარგმანის პრობლემა იყო“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პირველ ტურში კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის რეკომენდაციას, რაც ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია ასახული, არ იზიარებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კობახიძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ეს ხარვეზი დოკუმენტში გაიპარა, ან თარგმანის პრობლემაა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კომისიის მხრიდან შენიშვნები გამოთქმულია პრეზიდენტის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომისიას მიიჩნევს, რომ კენჭისყრა ფარული არ უნდა იყოს.
„კიდევ ერთი შენიშვნაა, რომ პირველ ტურში არჩევისას, კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა იყოს. ალბათ, ეს შეცდომაა, რადგან თუ მეორე ტურში უმრავლესობა ფარდობითია, პირველ ტურში არავითარი აზრი არ აქვს კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას. თუ პირველ ტურში კანდიდატმა 151 ხმა მიიღო, მეორე ტურის ჩატარებას, რა აზრი აქვს? ალბათ, ეს ხარვეზია, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში გაიპარა. შეიძლება, ეს თარგმანის ან რაიმე ტექნიკური პრობლემა იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მხრიდან არავითარი შენიშვნა არ არის გამოთქმული და კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წესზე გადასვლას მიესალმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები