ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 78-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეების განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების იმ უკანონო დაკავებების ფაქტებზე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა.
დღევანდელ მოლაპარაკებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების აქტიური ძალისხმევის შედეგად უკანონო “პატიმრობიდან” გათავისუფლდნენ მიმდინარე წლის 5 ივნისს, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული დუშეთის რაიონში მცხოვრები ოთხი საქართველოს მოქალაქე.
სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო “პატიმრობაში” მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ ე.წ. განაჩენი, რომელიც გამოტანილია დე ფაქტო სასამართლოს მიერ გიორგი გიუნაშვილის წინააღმდეგ არის სრულად პოლიტიზირებული და მას საერთო არ აქვს ობიექტურობასთან და სამართლიანობასთან. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც აწუხებს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 11 ივლისს გაიმართება.