საქართველოს ორი მოქალაქე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების არბოს და ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – მიხეილ ბიძინაშვილი და ჯუმბერ ბექაური ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ბიძინაშვილმა და ბექაურმა ცხინვალის იზოლატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ დაწესებული 2000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ დატოვეს. მიხეილ ბიძინაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.
„სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავი, როდესაც მოულოდნელად თავს დამადგა ორი რუსი ჯარისკაცი, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, მეუბნებოდნენ, ჩვენი ტერიტორიააო, არადა, იმ ე.წ. საზღვარს გადასული არ ვიყავი“, -განაცხადა ბიძინაშვილმა.