ირაკლი კობახიძე: ქალაქს სოფლის მიერთება კი არ ასუსტებს, პირიქით, აძლიერებს

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის სისტემაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. მან თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, თვითმმართველობის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს, ადგილობრივ თვითმმართველობებს კი მეტი რესურსი და უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, თვითმმართველობის სისტემა კონკრეტულ ლოგიკაზე უნდა იყოს აგებული. “საქართველოს უნდა ჰქონდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია, თავისი ფისკალური კომპონენტით და ამის საფუძველზე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, თვითმმართველობის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს. ეს ჩვენი ამოცანაა და თანმიმდევრული გეგმის შესაბამისად, მიღწეული უნდა იყოს. შვიდი ერთეულის გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკრეტული არგუმენტი წარვადგინეთ, მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველობის სისტემა კონკრეტულ ლოგიკაზე აგებული უნდა იყოს. ეს ლოგიკაა – თუ ერთია გურჯაანსა და წალენჯიხაში, იგივე ზუგდიდსა და თელავშიც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ვუბრუნდებით იმ ლოგიკას, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა იმთავითვე იყო დაფუძნებული“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ქალაქს სოფლის მიერთება არ ასუსტებს, პირიქით, აძლიერებს. შესაბამისად, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქალაქები გაერთიანების შემთხვევაში, დასუსტდება, სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებას აბსოლუტურად მოკლებულია. “ფოთი არის პორტი და ურბანული განვითარების თავისი სპეციფიკა აქვს. იგივე ბათუმსაც ეხება. თბილისი არის კიდევ განსხვავებული სპეციფიკის, ქუთაისი და რუსთავი ტრადიციულად, ინდუსტრიული ქალაქები იყო და ცალკე ერთეულებად ამიტომ იყო გამოყოფილი. ქალაქებში, სადაც განვითარების მზარდი პროცესია, ეს, პირველ რიგში, თბილისი და ბათუმია, ამ წლების განმავლობაში, ექსპანსიის ინტერესი გაჩნდა და განხორციელდა კიდეც. თბილისმა მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ათობით სოფელი შეიერთა და ანალოგიურად, ბათუმმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა და ათეულობით სოფელი შეიერთა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქს სოფლის მიერთება კი არ ასუსტებს, პირიქით, აძლიერებს. შესაბამისად, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქალაქები გაერთიანების შემთხვევაში, დასუსტდება, სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებას აბსოლუტურად მოკლებულია. დეცენტრალიზაცია, კლასიკური გაგებით, ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსის გაცემას. საუბარია დამატებითი კომპეტენციების მინიჭებაზე და რესურსების გადაცემაზე. ჩვენი ამოცანაა, ევროპულ სტანდარტებს, პირველ რიგში, ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით დავუახლოვდეთ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში, რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების რამდენჯერმე გაზრდას გამოიწვევს. ეს მთავარი მიზანია“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები