მმართველი გუნდის წევრები დახურულ შეხვედრას მართავენ

მმართველი გუნდის წევრები „შატო მუხრანში“ დახურულ შეხვედრას მართავენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან. არსებული ინფორმაციით, განხილვის საგანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები.
„ძირითადი დრო დაეთმობა თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროგრამა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ. ეს არის საორგანიზაციო საკითხები არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი თემა – ეს არის მზადება ახალი კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებისთვის“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას, თალაკვაძის თქმით, ამ საკითხზე დღეს არ იმსჯელებენ.
„დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ, თუმცა ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორვარდი, ამიტომ მისი განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, რა თქმა უნდა, ძალიან რეალურია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები