საქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენთვის უზრუნველყოს ძალიან ღირსეული და ნათელი მომავალი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ბავშვებს დღევანდელი დღე, ასევე, ნინოობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ მთავარი საზრუნავი ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ასევე, მათთვის ნათელი და წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბავშვებისთვის ყველა პირობის შექმნა, ბავშვების უფლებების დაცვაზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, განათლების შესაბამისი სისტემის შემუშავება. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვების უფლებები და მათი ინტერესები იყოს რეალიზებული. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თქვენთვის ძალიან ღირსეული და ნათელი მომავალი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების სათანადო რეალიზების შესაძლებლობა მიეცეთ. მისივე თქმით, ამისთვის, კონკრეტული სამუშაოები ხორციელდება. ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, გარდა ამისა, მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების შესახებ სპეციალურ კოდექსზე მუშაობს.
„ჩვენ დავათვალიერეთ დღეს შესანიშნავი გამოფენა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი თაობა გვეზრდება და ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი რესურსების სათანადოდ რეალიზება. ამისთვის კეთდება კონკრეტული საქმეები, მათ შორის, ჩვენ დღეს გავაფორმეთ სპეციალური მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის მხრიდან იმ ბავშვების მხარდაჭერას, რომლებიც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ სპეციალურ კოდექსზე, ბავშვთა უფლებების და ინტერესების შესახებ და ესეც უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული და რეალიზებული“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
​პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, ქ. თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და პარლამენტის უმრავლესობის სახელით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობას მხარდაჭერას გამოუცხადა. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღე ბავშვებს მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა იზრუნოს, რათა ბავშვებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებზე, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ზრუნვა. ჩვენ უნდა შევქმნათ მათი ნათელი მომავალი და ბუნებრივია, პარლამენტმა განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს. დღეს მოეწყო პარლამენტში გამოფენა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ გვყავს ძალიან ნიჭიერი ბავშვები, ნიჭიერი თაობა. მთავარია, რომ ამ ბავშვებს მივცეთ სათანადო შესაძლებლობა, რომ უზრუნველყონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პარლამენტმა აქტიურად უნდა იზრუნოს ამაზე“,- განაცხადა მედიასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დეპუტატებმა ქუთაისის პარლამენტის სასახლეში „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში, (შიდა ქართლის სოფლები: დიცი, დვანი, ზემო ნიქოზი), იმერეთის რეგიონში (აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარები) მცხოვრებ ბავშვებს და ქ. თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში (შიდა ქართლის სოფლები: დიცი, დვანი, ზემო ნიქოზი) მცხოვრები ბავშვები პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით ესტუმრნენ. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით კი საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში ქ. თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები